12/06/2023
12:44
პოლიტიკა
დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს - რამდენიმე წუთის წინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პრეზიდენტის შენიშვნების განხილვა დასრულდა. კომიტეტმა მოტივირებული შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
ვეტოს დაძლევის პროცედურაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა არ აქვს პერსონალიებს და მთავარი გამოწვევა ეროვნულ ბანკში ამ დრომდე განუხორციელებული რეფორმებია.
"ბანკის პრეზიდენტად რატომ აიკვიატეთ მაინც და მაინც ყოფილი ფინანსთა მინისტრი? რა ვერ მოძებნეთ ან უცხოეთში ან აქ სხვა ადამიანი?
რა გარანტიაა იმისა, რომ ლაშა ხუციშვილი, რომელიც მოხვდება ეროვნული ბანკის საბჭოში, ეროვნული ბანკის საბჭო წარადგენს მას და არა სხვას? ფაქტობრივად, თქვენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კი არ გინდათ, არამედ მეთოდურად მიხვედით იქამდე, რომ დღეს ეროვნული ბანკის საბჭო ისეა ფორმირებული, რომ ვისაც დაავალებს პარტია, იმას უყრიან კენჭს," – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ისედაც "ქართული ოცნება" აკონტროლებს, უბრალოდ უფრო მეტი სანდოობის შექმნა სურთ.
"ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა ასეთი მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, არც პრობლემა იქნებოდა. თქვენი ხალხია, საბჭოს აკონტროლებთ, უბრალოდ გინდათ საბოლოოდ სანდო, რომ შემთხვევით არ გაგექცეთ რამე, არ მოხდეს, თორემ ისედაც ხომ აკონტროლებთ," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
0
0