
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფორმატში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მოსმენა მიმდინარეობს.
კობახიძე პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია. მან დღეს შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს: - უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში; როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით; როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის, საქმიანობის მიხედვით; აქვთ თუ არა შეფასებული უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში არალეგალურად; რა ზომებს ატარებს მთავრობა არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად; რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს და რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია“.
დღესვე კიდევ ერთი ინტერპალაცია გაიმართება. ფრაქციამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი დაიბარა. გულედანს 25 საინტერპელაციო კითხვა გაუგზავნეს. კითხვები მათ შორის ეხება 2025 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, რეგიონული განვითარების მიმართულების ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოყოფას და ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ პრობლემებს და რეგიონულ პროგრამებსა და პროექტებს.
ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, რეგლამენტი დებატებს ითვალისწინებს, რა დროსაც სიტყვით პარლამენტის წევრები გამოდიან.
0
0