
დასკვნით ეტაპზე გადადის პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტზე მსჯელობა. დეპუტატები საკითხის მესამე მოსმენით განხილვას დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე აპირებენ.
ერთ-ერთი მთავარი ცვლილება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პარლამენტში ინტერპელაციით მიწვევის სიხშირის გაზრდაა. შესაბამისად, უქმდება ე.წ. "მინისტრის საათი". ინტერპელაცია სასესიო კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება. თვეში ერთხელ კი, ამავე პროცედურით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მივა.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ "მინისტრის საათის" ფორმატი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში უნდა ახორციელებდეს.
"რეგლამენტის ახალი რედაქცია რომ მეტად მოქნილს გახდის საპარლამენტო მექანიზმებს როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით, მათ შორის მნიშვნელოვანი საკითხები, ინტერპელაცია, რომელიც ერთგვარად ჩაანაცვლებს და შეავსებს მინისტრის საათის საკანონმდებლო დანაწესს, აღარ იქნება მინისტრის საათი, მეტი ფუნქციონალური დატვირთვით ამოქმედდება დროებითი კომისიები, მუდმივმოქმედი საბჭოები უქმდება როგორც იცის საზოგადოებამ, არის სხვა ცვლილებებიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რაც გააუმჯობესებს და უფრო ეფექტურს გახდის საპარლამენტო მექანიზმების ფუნქციონირებას", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
0
0