
პარლამენტი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს იწყებს.
მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, მან საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს, რამდენიმე დღის წინ, წარუდგინა როგორც მთავრობის ახალი შემადგენლობა, ისე 4-წლიანი სამთავრობო პროგრამა.
5-8 თებერვალს პარლამენტში დაგეგმილია მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე.
მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პირველ თებერვალს წარადგინეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
პარლამენტი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.
საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დაგეგმილი განხილვების გამო, პარლამენტი უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ 5-8 თებერვალს პარლამენტში დაგეგმილია მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა, აგრეთვე 6 თებერვალს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე კვირაში პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0