
პარიზში ასამართლებენ სკოლის ასისტენტს, რომელსაც ბრალად მცირეწლოვან ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ედება. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს სასამართლო პროცესი კიდევ ერთი ეპიზოდია იმ სკანდალში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის სკოლებში აგორდა.
საქმე ეხება ე.წ. animateurs-ებს, სკოლებისა და ბავშვთა დაწესებულებების შტატგარეშე თანამშრომლებს, რომლებსაც ბავშვების ზედამხედველობა ევალებათ და არა სწავლება. პარიზში დაახლოებით 15 ათასი ასეთი ასისტენტი მუშაობს.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს დედაქალაქის თითქმის 100 საბავშვო ბაღში, ბაგასა და დაწყებით სკოლაში, სადაც animateurs-ებს ბავშვების მიმართ არასათანადო, აგრესიულ ან სექსუალიზებულ ქცევაში ადანაშაულებენ.
ზაფხულში კიდევ სამი პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხოლო მეოთხე საქმეზე, რომლის მოსმენაც ამ თვის დასაწყისში დასრულდა, განაჩენი მალე გამოცხადდება.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას პოლიციამ პარიზის მე-7 ოლქის სამ სკოლაში ჩატარებული რეიდების შემდეგ 16 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით, სამ მათგანს ბავშვების მიმართ არასათანადო სექსუალიზებულ ქცევაში დასდეს ბრალი.
„ბიბისი“ წერს, რომ სკანდალმა პარიზში მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებში შიშისა და უნდობლობის ატმოსფერო შექმნა. ბევრი მათგანი ქალაქის მერიას ადანაშაულებს, რადგან სწორედ მერია ასაქმებს animateurs-ებს.
გახანგრძლივებული ზრუნვის საკითხებზე მომუშავე ასოციაცია SOS-Périscolaire-ის წარმომადგენლების თქმით, მთავარი პრობლემა ასეთი თანამშრომლების უკიდურესად დაბალი მომზადების დონეა.
ელიზაბეტ გუტმანი, რომელმაც ასოციაცია 2021 წელს დააარსა, ამბობს, რომ ორგანიზაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც მშობლებს შორის სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა ისტორიები დაცინვის, დამცირების და ფსიქოლოგიური ძალადობის სხვა ფორმების შესახებ, რომელსაც animateurs-ები ბავშვების მიმართ ავლენდნენ. მას მაგალითად მოჰყავს პარიზის მე-16 ოლქის ერთ-ერთი სკოლა, სადაც, მისი თქმით, ოთხმა ასისტენტნა „ნამდვილი საბრძოლო კლუბი მოაწყო“ და ბავშვებს ერთმანეთთან ჩხუბისკენ აქეზებდნენ.
პარიზის მერი ემანუელ გრეგორი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ თანამშრომლების აყვანის სისტემას რეფორმას ჩაუტარებს და პერსონალის მომზადებისა და კონტროლისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს.
0
0