
ფრანგი კინომსახიობი ჟერარ დეპარდიე პარიზის სასამართლომ ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო, მას 18 თვით პირობითი პატიმრობა შეეფარდა.
76 წლის დეპარდიეს 2021 წლის სექტემბერში, ფილმის გადაღებისას ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. თავად მსახიობი ბრალს არ აღიარებს.
ბრალდების მხარე მისთვის 18 თვით პირობით პატიმრობას და 20 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას ითხოვდა, ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირების რეესტრში რეგისტრაციას.
სექსუალური ძალადობის ბრალდებით ეს ჟერარ დეპარდიეს პირველი სასამართლო პროცესია. მას ანალოგიურ ქმედებებში სხვა ქალებიც ადანაშაულებენ.
მარტის ბოლოს, საქმის განხილვის დასრულებისას პროკურორმა ლორან გაიმ განაცხადა, რომ „სავსებით შესაძლებელია, იყო შესანიშნავი მსახიობი და კარგი მამა და მაინც ჩაიდინო დანაშაული. თქვენ აქ ხართ არა ფრანგული კინოს გასასამართლებლად, არამედ ჟერარდ დეპარდიესთვის განაჩენის გამოსატანად, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის“.
ქალები, რომლებიც ჯერარ დეპარდიეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, მხატვარ-დეკორატორი და რეჟისორის ასისტენტი არიან. თავად მსახიობი აცხადებს, რომ ქალებს, შესაძლოა, შეეხო შემთხვევით მაშინ, როდესაც წონასწორობის დაცვას ცდილობდა.
„ჩემი სახელი ტალახში ამოსვარეს სიცრუითა და ცილისწამებით. სასამართლო პროცესი მსახიობისთვის, შესაძლოა, ძალიან განსაკუთრებული გამოცდილება იყოს. ამ ბრაზის, პოლიციის, პრესის ხილვა, თითქოს სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმში ხარ, თუმცა ეს არ არის სამეცნიერო-ფანტასტიკა, ეს ცხოვრებაა“, – განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთი მოსმენის დროს.
აღსანიშნავია, რომ ჟერარ დეპარდიეს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ცნობილმა ფრანგმა მსახიობებმა, ფანი არდანიმ და ბრიჯიტ ბარდომ.
0
0