02/02/2026
23:16

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონის გამკაცრებასა და რუსული კანონის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, უცხოური დაფინანსება საიდან მოდის, რუსეთიდან თუ დასავლეთიდან, რადგან, მისივე განცხადებით, "არსებობს ქართული და არსებობს სხვა".
"ეს კანონი გეოპოლიტიკასაც კი წინ უსწრებდა. მე მგონი, ახლა უკვე ცხადად ჩანს, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ. საუბრობენ პარტნიორებზე, გამჭვირვალობაზე და ა.შ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ვხედავთ რა დაპირისპირებებია ევროკავშირის შიგნით. ვხედავთ, სამყაროში გეოპოლიტიკა როგორ იცვლება [...]
ეს კანონი გეოპოლიტიკური იმიტომაც არის, რომ ჩანდა, რომ ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა, რომ უცხოური დაფინანსება არის სხვა ქვეყნებზე, ხალხზე და მთავრობებზე გავლენების მოპოვების იარაღი და ინსტრუმენტი. სწორედ ეს იყო რაც ამ კანონს უნდა გამოემჟღავნებინა [...] საუბარი კვლავ იგივე ტერმინოლოგიით, რუსულს ეძებთ თუ ევროპულს. არ არსებობს რუსული და ევროპული, ჩრდილო და აღმოსავლეთი. არსებობს ქართული და არსებობს სხვა. ეს უნდა გავიაზროთ 2026 წელს მაინც. იმ ყველაფრის მერე, რაც მსოფლიოში მოხდა. როცა დღეს ეროვნული ინტერესი დაბრუნდა - ის, რაც ქართულმა ოცნებამ ქართულ პოლიტიკაში დააბრუნა, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ბრუნდება. არ არსებობს ეს დამოკიდებულება, რაღაც კარგი და ცუდი. არის ქართული და არის უცხო. და უცხოურ დაფინანსებას ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება". - თქვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.
1
0