ინდონეზიის პაპუას რეგიონში ახალი ზელანდიელი პილოტი, 50 წლის გლენ მალკოლმ კონინგი, მოკლეს. პოლიციის ცნობით, ვერტმფრენის პილოტი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა დაჯგუფებამ „თავისუფალი პაპუას ორგანიზაცია“ მოკლა.
როგორც BBC-ი წერს, ინციდენტი ახალი ზელანდიიდან კიდევ ერთი მფრინავის, ფილიპ მეჰრტენსის გატაცებიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ მოხდა. გატაცებული კვლავ ტყვეობაში რჩება. ხელისუფლების განცხადებით, მეჰრტენსის გატაცებაზე პასუხისმგებელი ასევე დაჯგუფება „თავისუფალი პაპუას ორგანიზაციაა“.
ცენტრალური პაპუას პროვინციის იზოლირებულ ზონაში დაშვების შემდეგ, მეამბოხეებმა ვერტმფრენში მყოფი ოთხი მგზავრი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები უსაფრთხოდ არიან.
როგორც პაპუას პოლიციის წარმომადგენელმა ბაიუ სუსენომ განაცხადა, პილოტის ცხედარი ვერტმფრენში გადაიყვანეს და შემდეგ, ალამის რაიონში, ვერტმფრენთან ერთად დაწვეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ვერ შევძელით მტკიცებულებების გადამოწმება, ინფორმაციის დადგენის შემთხვევაში, პილოტი ჯაშუშად ჩაითვლება, რადგან ეს ტერიტორია ომის ზონად არის გამოცხადებული,“ - განაცხადა ბაიუ სუსენომ.
კონინგს მგზავრები კერძო კომპანიაში გადაჰყავდა.
როგორც ცნობილია, ინდონეზიის მთავრობასა და დასავლეთ პაპუას მკვიდრ მოსახლეობას შორის მტრული დამოკიდებულება ხანგრძლივი, ხშირად სასტიკი ძალადობრივი კონფლიქტის შედეგია.
პაპუას აჯანყებულები ინდონეზიისგან ათწლეულების განმავლობაში ითხოვდნენ დამოუკიდებლობას და თავს ესხმოდნენ ვერტმფრენებს, რომლებსაც, მათი აზრით, ჯაკარტაში პერსონალი გადაჰყავს და საჭირო მარაგი გადააქვს.
0
0