
შეეშალა მასპინძელს [ირაკლი კობახიძეს], მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, გასაკვირი იქნებოდა ის, რომ მაინც მიეღო იმიტომ, რომ მათი ამორალური ავტორიტარული ხედვა მკაფიოდ გამოხატავს შემდეგს: „ჩვენ აქ ვართ მართლები, ჩვენ განვკარგავთ სიტუაციას, მე თქვენი იდიოტური ლეგიტიმაცია არაფერში მჭირდება, მე ოპოზიციამ ბოიკოტისა და რევოლუციის სახით მაჩუქა ძალაუფლება, მე ამ ძალაუფლებაში ვთუხთუხებ“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც თბილისში ვიზიტით მყოფ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე ელენე ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ირაკლი კობახიძის ეს ქმედება არის არგუმენტი იმისა, რომ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ძალაუფლება და არა ლეგიტიმაცია.
„შეეშალა მასპინძელს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, გასაკვირი იქნებოდა ის, რომ მაინც მიეღო იმიტომ, რომ მათი ამორალური ავტორიტარული ხედვა მკაფიოდ გამოხატავს შემდეგს, რომ „ჩვენ აქ ვართ მართლები, ჩვენ განვკარგავთ სიტუაციას, ჩვენ თქვენი ლეგიტიმაცია არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ძალა უფლება, ჩვენ ძალაუფლება მოვიპოვეთ“. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი იმ უგუნური ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ლეგიტიმაცია, არაფერში სჭირდება, საერთოდ არაფერში სჭირდება, მას სჭირდება ძალაუფლება და ეს არის უნიკალური არგუმენტი, როდესაც აქ ჩამოსულ პრაქტიკულად პირველ პირს, ევროპაში წამყვანი სახელმწიფოს - ფინეთი ნატო-ში შევიდა და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი თამამი სახელმწიფოა, მათი პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მართლაც უნიკალური ფიგურაა, იშვიათი მოვლენაა, რომელსაც ტრამპთან პირდაპირი კავშირი აქვს და შეუძლია დააჯეროს რაღაც ტრამპს და ამ ფონზე, ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ იღებს. ე.ი. ეს არის მკაფიო განცხადება, რომ „მე თქვენი იდიოტური ლეგიტიმაცია არაფერში მჭირდება, მე ოპოზიციამ ბოიკოტისა და რევოლუციის სახით მაჩუქა ძალაუფლება, მე ამ ძალაუფლებაში ვთუხთუხებ, კმაყოფილი, ბედნიერი ვარ და თუ ჩამოხვალთ და გინდათ ჩემთან შეხვედრა კეთილი ინებეთ და ჩემს ავტორიტარულ სახელმწიფოში არსებული სტანდარტებით იმოქმედე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, პოლიტოლოგმა შეაფასა თბილისში სტუმრად მყოფი ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის მისვლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და იქ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება რომ „თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გააჟღერონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე - აქ მათ მხარდასაჭერად ვართ“.
„რომ არ მისულიყო გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გაძლიერდა ან „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ხორციელდება. დავიმახსოვროთ, ევროპა პირველ რიგში, მეორე რიგში, მესამე რიგში, არის ღირებულებები! მერე არის ინსტიტუტები და სხვა საკითხები. ღირებულება არის თანასწორობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ყველაფერი. ადრე, როდესაც ჩამოსულები იყვნენ ევროპის ლიდერები, მათ მიმართ კრიტიკა იყო იმის გამო, რომ მიტინგზე მივიდნენ, უკვე სხვა, ევროპელი პოლიტიკოსები რომ ჩამოვლენ, აუცილებლად უნდა მივიდნენ. თუ არ მივლენ, გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაიტანა. ამიტომ, არა, ევროპას არ სჭირდება საქართველო, საქართველოს სჭირდება ევროპა, უკაცრავად, ასე არ არის. ზოგჯერ გამოსჭვივის ხოლმე კობახიძის მეტყველებიდან, რომ „ჩვენ არანაკლებ ვჭირდებით ევროპას“- არაფერში არ სჭირდები ევროპას, ევროპა გჭირდება შენ! კეთილი ინებე და როდესაც გიწერია კონსტიტუციაში ევროკავშირი, ნატო, შესაბამისად მოიქეცი!“ -განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
0
0