
ამით, ვფიქრობ წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ეხებოდა თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
პაატა სალიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირების მიერ გარკვეულ შემთხვევებში დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტებას.
„სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას, თუმცა ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ თავად საქართველოს პროკურატურამაც ჯერ კიდევ 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ამ მიმართულებით სწორად გააქტიურა გამოძიება და გამოკვეთა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, რისი შედეგიც იყო უკვე 2025 წლის 12 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ სწორედ დაადგინა ის გარემოებები, რაზეც უკვე ჩვენმა პროკურატურამ იმუშავა და რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილი გარემოებები გათვალისწინებული იქნება მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც.
ამით, ვფიქრობ წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ეხებოდა თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. მგონი ამის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვები აღარ უნდა არსებობდეს. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირების მიერ გარკვეულ შემთხვევებში დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტებას“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
0
0