
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პაატა სალიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ერევანი მასპინძლობს.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მისწრაფებას ევროპული ღირებულებების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის გაძლიერებისაკენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რადგან მეზობელი სახელმწიფო ახლა სწორედ ამ პროგრამის განხორციელების ეტაპზეა. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.
0
0
პაატა სალია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
27/11/2026