22/03/2023
13:38
პოლიტიკა
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოში. მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხს თავის პოლიტიკურ
დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს დაუთმობს“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, აღნიშნული საკითხის ხაზგასმა ევროსაბჭოს რეზოლუციებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოთარ გრიგოლიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოში; გმობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას; ასევე მხარს უჭერს საქართველოს
სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მომავალშიც მნიშვნელოვან ადგილს შეუნარჩუნებს იმ რეზოლუციებში, რომლებსაც მიიღებს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრმა რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დაინტერესდა, თუ როგორ განიხილავს საპარლამენტო ასამბლეა და ევროსაბჭო ქალაქების გაძლიერების პროცესს.
დღესვე, თბილისის საკრებულოს წევრები კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდებიან.
შეგახსენებთ, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესიის მუშაობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი
მონაწილეობენ.
0
0