17/03/2023
18:52
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, გამოსვლა დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას სამძიმრით დაიწყო.
„მძიმე ტრაგედია დატრიალდა დღეს დილით, ყველანი დამუნჯებულები ვართ. ვიმედოვნებ, ყველა კითხვას, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნდა, პასუხი ექნება გაცემული. ჩვენ გვექნება სრული სურათი და წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რაც დიდ დიღომში მოხდა“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ფრაქციის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში მიმდინარე აქტუალურ პროცესებს: „ჩვენ ვართ ერთი ქვეყანა და საზოგადოება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთ საზოგადოებად ყოფნის მნიშვნელობა, ჩვენ ვართ განუყოფელი ნაწილი იმ გეზისა და სურვილების, რომლებიც ყველას აღებული გვაქვს, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ამ გზაზე სვლისას მთელი ქვეყანა არის ერთიანი. ფრაქცია „ქართული ოცნება“ არის ერთგული ამ პროცესის“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ
ასევე ფრაქციის თავმჯდომარემ იმ ძალებზე ისაუბრა, რომლებიც ცდილობენ ადამიანების გულწრფელი, ხშირ შემთხვევაში არაინფორმირებულობით გამოწვეული პროტესტი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მან მიმართა მოქალაქეებს:
„ნუ აჰყვებით პროვოკაციას, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან მომდინარეობს. გარკვეულმა პროცესებმა შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებაში განხეთქილებასა და დაპირისპირებას. ეს პროცესი შეიძლება გადაიზარდოს უმართავ დაპირისპირებაში. ჩვენს გუნდს ნაკისრი აქვს პასუხისმგებლობა, ვაცნობიერებთ ამ საფრთხეებს, ვთვლით, რომ არანაირი კანონპროექტი, არანაირი გადაწყვეტილება არ ღირს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობად თუ სიცოცხლედ. ჩვენი თაოსნობით ევროინტეგრაციის გზაზე სვლა უალტერნატივოა, ყველა ის ცილისწამება, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს, არის მხოლოდ ვიწრო პარტიული რიტორიკა და დღის წესრიგი, რაც ჩვენი მხრიდან არ იქნება შეწყნარებული“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
0
0