19/01/2022
22:52
პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობის დივერსია “ოცნების სასამართლოს” წინააღმდეგ
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სწორედ, სამართლიანი სასამართლოს შექმნა იყო. თუმცა, სამართლიანი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და მისი რეფორმირება დღესაც საფრთხის ქვეშ არის. ხელისუფლების ცვლილებიდან 10 წლის შემდეგაც, სასამართლო სისტემა კრიზისშია და რიგებში, კვლავაც ის მოსამართლეები არიან, რომლებიც წლების მანძილზე ნაცმოძრაობის უსამართლო და მორჩილ სასამართლო სისტემასთან ასოცირდებოდნენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოში ძველი კავშირები გააქტიურა. ნაცმოძრაობის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა სასამართლო სისტემა დატოვა, მაგრამ „კუბლაშვილის სასამართლომ“ სისტემა 10 წლის მერეც არ დატოვა. ამის მტკიცება შესაძლებელია თელავის რაიონული სასამართლოს მაგალითზე, სადაც, მართლმსაჯულების მოსალოდნელი დეგრადაციის ნიშნები ყველაზე მკაფიოდ ჩანს. თელავის რაიონული სასამართლოს 5 მოსამართლიდან, ორმა - მარინე ცერცვაძემ და მამუკა წიკლაურმა არ გამოიყენეს ისტორიული შანსი, გათავისუფლებულიყვნენ წინა ხელისუფლების დიქტატისგან. მათი საქმიანობა სასამართლო სისტემაში, მიზანმიმართულად და რეგულარულად, დიდ ზიანს აყენებს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების პრაქტიკას, რითაც, პოლიტიკურ დარტყმას აყენებს, როგორც სასამართლო სისტემას, ასევე პოლიტიკურ ძალას, რომელიც, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში, თავს აწონებს საკუთარ ამომრჩეველს და საერთაშორისო საზოგადოებას წარმატებული და რეფორმირებული სასამართლო სისტემით.
საინტერესოა რომ ორივე, მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი პერსონაჟი, პალიკო კუბლაშვილის კრეატურაა, ორივე დანიშნულია იმ დროს, როდესაც მისი ძმა ახორციელებდა ნაცსასამართლო რეფორმას. პალიკო კუბლაშვილი მაშინ, პერსონალურად, რამდენიმე მოსამართლეს მეურვეობდა. ამასთან, ცერცვაძე და წიკლაური, პალიკო კუბლაშვილის პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტები არიან თელავის სასამართლოში.
მოსამართლე მამუკა წიკლაური
პროკურორი გვარამიას პროტეჟე პედოფილის და მკვლელების დასაცავად?!
თელავის რაიონულმა სასამართლომ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო. ფაქტს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და მოსამართლეს წარსული საქმიანობა და უახლოესი გარემოცვა შეახსენეს. საზოგადოების ნაწილმა, მოსამართლის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებებიც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად შეაფასა.
მამუკა წიკლაურის ახლო მეგობარი და მეჯვარე გახლავთ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში მხილებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი რევაზ შიუკაშვილიც, რომელიც თბილისის კუდის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა 2009 წლიდან. 2012 წლიდან კი, ის იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ რევაზ შიუკაშვილი ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“ 2016 წელს დააკავა. 2016 წელსვე წარუდგინეს რევაზ შიუკაშვილს ბრალი ე.წ. 26 მაისის საქმეზე, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე. კუდის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შიუკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზეც, რისი ამსახველი ფარული ჩანაწერები პროკურატურამ 2018 წელს გაასაჯაროვა. მოსამართლე წიკლაურის საქმიანობა სისტემაში, პირდაპირ ქმნის იმის განცდას საზოგადოებაში, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, სასამართლო მოძალადეებს ხელს აფარებს. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის შეგნებულად იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც პოლიტიკურ დარტყმას აყენებს ხელისუფლებას. მოსამათლე წიკლაურმა დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა უმძიმეს დანაშაულში, როცა პედოფილიაში ბრალდებული გაათავისუფლა. სამოსამართლეო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთი დონის დამნაშავეებს არ ათავისუფლებენ.
კუბლაშვილების მოსამართლე "ბადაგონს" განადგურებით ემუქრება?!
განაჩენი, რომელიც კერძო ბიზნესს განადგურებით ემუქრება, ხოლო, სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის - როგორ ხდება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მარინე ცერცვაძის მეშვეობით, რუსეთის მოქალაქე, საეჭვო რეპუტაციის მქონე და თაღლითურ საქმეებში მხილებული ვლადიმერ ჯანჯღავას სასარგებლოდ ქართული ეკონომიკის განადგურება?!
კომპანიაზე განხორციელდა შეტევა, რასაც „ბადაგონის“ სრული პარალიზება და 600 -მდე ადამიანის სამსახურის გარეშე დარჩენა მოჰყვა. რამაც თავის მხრივ, უმსხვილეს კომპანიას დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა. პოლიციის კანონგარეშე ქმედებამ და კომპანიაში ვანდალურად შევარდნამ, გააჩერა კომპანიის მენეჯმენტი და საწარმოო საქმიანობა. მათ, წვდომა მოიპოვეს, ბიზნეს საქმიანობის შესახებ არსებულ ყველა დოკუმენტზე, რაც კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა, არ იყო საჯარო ინფორმაცია და არც კონკრეტულ საქმესთან კავშირი არ ჰქონდა.
მოქალაქეებს შორის არსებული სამოქალაქო დავა, ფინანსური პოლიციის კომპეტენცია არ იყო. შესაბამისად - მსგავსი ქმედება მხოლოდ ამყარებდა ეჭვს, რომ „ბადაგონზე“ ამ გზით შეტევა, მაღალი ეშელონებიდან დაკვეთა იყო. ეგზეკუციაში მონაწილე პირების დამკვეთებად და მფარველებად კი, მაშინდელი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი დასახელდნენ. სწორედ, ფინანსური პოლიციის სადამსჯელო რაზმად გამოყენებამ გააჩინა ეჭვი, რომ ამ საქმის უკან, გავლენიანი პირები იდგნენ. ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, გაენადგურებინათ ყველაზე წარმატებული ქართული ბიზნესი, მოესპოთ „ბადაგონი“ როგორც ბრენდი და ჩინური ბაზარი გარკვეულ სახელისუფლებო წრეებს ჩაეგდოთ ხელში.
შეწყდა თუ არა კომპანიაზე პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა დღეს?
მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯღავა და მისი მფარველები დამარცხდნენ „ბადაგონის“ წინააღმდეგ სასამართლო დავებში და ხელისუფლებაში არსებული კლანი, რომელიც ბიზნესის შევიწროვებით იყო დაკავებული ძალაუფლებას ჩამოშორდა, ივანიშვილის საჯარო პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, რომელიც როგორც ჩანს, ბარიერს წარმოადგენდა ამ ჯგუფებისთვის, კვლავ განახლდა ბიზნესის დევნა და კორუმპირებული მოსამართლის მეშვეობით გადაწყვიტეს რევანშის აღება უმსხვილესი ღვინის კომპანიის წინააღმდეგ. „ბადაგონი“ დადგა ფაქტის წინაშე, როცა საბჭოთა მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნადგურდება ქართული ეკონომიკის ლიდერი კომპანია, ხოლო ასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება. ეს „თეთრი ძაფით“ შეკერილი საქმე კი, აჩენს ისევ საფუძვლიან ეჭვს, რომ ჯანჯღავას, უმსხვილესი კომპანია „ბადაგონის“ გასანადგურებლად, კვლავ პოლიტიკურ- ეკონომიკური ჯგუფები მფარველობენ.
ადეიშვილის დავალებით და „ბეჟუაშვილ-კუბლაშვილის სამართლით“ ნაცოლიგარქების მხრიდან, ბიზნესის ტერორი წინა ხელისუფლების ხელწერაა, მაგრამ წინა ხელისუფლების იდეოლოგიით გამსჭვალული და მათთან დღემდე დაახლოებული მოსამართლეების მიერ, კომპანია „ბადაგონზე“ თავდასხმები დღემდე გრძელდება. საბოლოო ჯამში, მიზანი შემდეგია: ოცნების სასამართლოს დისკრედიტაცია, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული პლატფორმების განადგურება. კონკრეტულად, "ბადაგონის" განადგურებით, მოისპობა 1000 სამუშაო ადგილი, უამრავი ეკონომიკური და კულტურული პროექტი იქნება შეუქცევადად შეჩერებული, საერთაშორისო ბრენდი "ბადაგონი" შეაჩერებს თავის არსებობას.
„ბადაგონის“ საქმემ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემა ღრმა კრიზისშია. სააკაშვილის სასამართლო სისტემის არქიტექტორები, რომელთაც დღემდე აქვთ გავლენა მართლმსაჯულებაზე, ჩვეულ ფორმაში აგრძელებენ ბიზნესის ტერორს. პავლე კუბლაშვილის კორუმპირებული მარიონეტები, რომლის ერთ-ერთი აშკარა ილუსტრაცია მოსამართლე მარინე ცერცვაძეა - რომელთა მეშვეობითაც დღემდე გრძელდება წამყვანი საწარმოების ექსპროპრიაცია.
ექმნება თუ არა საინვესტიციო გარემოს კვლავ საფრთხე და დგას თუ არა კერძო ბიზნესის ხელშეუხებლობა საფრთხის ქვეშ, შეწყდა თუ არა, კომპანიაზე პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა დღეს? - პასუხი ცალსახაა, არა!
0
0