04/12/2023
22:45
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
"ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო", - წერს ორბანი.
4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად.
უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს.
ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე.
"მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს...
მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით", - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0