08/11/2024
23:08
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ ფიქრობს, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირში იზოლირებულია მრავალ საკითხზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, განსხვავებული პოზიციის ქონის გამო. ამის შესახებ ორბანმა ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანმა აღნიშნა, რომ თუ ერთ სახელმწიფოს ერთი აზრი აქვს, ხოლო 26 სახელმწიფოს - სხვა, ეს არ მიუთითებს იზოლაციაზე, არამედ მიუთითებს „დისკუსიაზე“ დემოკრატიულ საზოგადოებაში.
„ასე დაიბადა უნგრეთის დემოკრატია. კარგად მახსოვს 1988 წელს ჩემს ოჯახში საუბრები, როდესაც ჩვენ შევქმენით ანტიკომუნისტური ახალგაზრდული ორგანიზაცია უნგრეთში კომუნისტური რეჟიმის დასამხობად და საბჭოთა ჯარების შინ დასაბრუნებლად. მაშინ ყველა ამბობდა, გიჟები ხართო. ჩემს ოჯახშიც კი [ამბობდნენ]: [ამის გაკეთება] რამდენიმე წელიწადში შეუძლებელიაო.
მე ვთქვი: ეს მაინც სწრაფად მოხდება... საკუთარ პოზიციით მარტო ყოფნა და შემდეგ ბრძოლა, სხვების დარწმუნება, რომ ჩემი პოზიცია დაიცვან, ჩვენი დნმ-ის ნაწილია“, - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, განსხვავებული პოზიცია უნგრეთში არასოდეს აღიქმებოდა, როგორც იზოლაცია.
მან გაიხსენა, რომ 2015 წელს, მიგრაციული კრიზისის დროს, უნგრეთი ასევე „აბსოლუტურად მარტო“ იყო ევროკავშირში. თუმცა, მაშინაც კი, ორბანის თქმით, ის არ იყო იზოლირებული, რადგან „დისკუსიაში იყო ჩართული“.
„იზოლირებულად ყოფნა ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ დისკუსიის ნაწილი“, - განმარტა ორბანმა.
0
0