
ბოლო ორ ათწლეულში დასავლეთის ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა ყელის კიბოს შემთხვევები, რასაც პაპილომის ვირუსი იწვევს. ზოგიერთი ექსპერტი ამას ეპიდემიას უწოდებს. ინფორმაციას scitechdaily.com ავრცელებს.
ადამიანის პაპილომის ვირუსი სქესობრივი გზით გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მისი არასათანადო მასშტაბის გამო ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანობა არასათანადოა. შესაბამისად, მრავალ რეგიონში ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ყელის კიბოს გარდა, პაპილომის ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი გამომწვევიც არის. ახლა კი ყელის კიბო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უფრო ხშირად ხდება, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბო.
ყელის კიბოსთვის რისკ-ფაქტორს ორალური სექსი წარმოადგენს. ვისაც ცხოვრების განმავლობაში 6 ან მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს და ორალური სექსით არის დაკავებული, ყელის კიბოს ალბათობა 8,5-ჯერ მეტია, ვიდრე მათ, ვინც ორალური სექსით დაკავებული არ არის.
ზოგიერთ ქვეყანაში ორალური სექსი ძალზე გავრცელებულია. ასე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა 80%-მა განაცხადა, რომ ცხოვრების რომელიმე მომენტში ორალური სექსით იყო დაკავებული. საბედნიეროდ ყელის კიბო ბევრ ადამიანს არ განუვითარდა.
ადამიანთა უმეტესობას პაპილომის ვირუსისგან განკურნება შეუძლია. ამასთანავე. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც შედარებით მცირეა და მას ამ ვირუსისგან განკურნება არ შეუძლია, შესაძლოა, იმუნური სისტემის პრობლემების გამო. შედეგად ვირუსს გარკვეული დროის განმავლობაში უჩნდება ადამიანის დნმ-ში ინტეგრირების შესაძლებლობა და ადამიანის უჯრედები შეიძლება კიბოს უჯრედებად გადაიქცეს.
0
0