
საქართველოსთვის დღეს შექმნილია იშვიათად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარება – რეგიონში რუსეთის გავლენა სუსტდება, სამხრეთ კავკასიის მიმართ შეერთებული შტატების ინტერესი იზრდება, ხოლო ახალი სატრანზიტო და უსაფრთხოების პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს დასავლური სტრატეგიული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების, გიგა ბოკერიას, გიგი წერეთლისა და ზურაბ ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ტრამპის გზა“ არის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მშვიდობის გარანტი რეგიონში.
„ამ ისტორიულ მომენტში „ქართული ოცნება“ არა საქართველოს, არამედ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებით მოქმედებს. საქართველოსა (ქართველი ხალხის) და ამერიკის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ეს თანხვედრა ვერ შედგება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ქვეყნის შიგნით აძლიერებს აშშ-ის მოწინააღმდეგე ძალების – ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენებს და პარალელურად დევნის სწორედ იმ პროდასავლურ პოლიტიკურ და სამოქალაქო ძალებს, რომლებიც საქართველოს დასავლურ არჩევანს იცავენ. „ალიანსის“ პოზიციაა, საქართველო უნდა იყოს რეგიონული დაკავშირებადობის, უსაფრთხოებისა და სატრანზიტო არქიტექტურის ნაწილი. TRIPP არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. საქართველოს ეროვნული ინტერესია, ქვეყანა არ დარჩეს გვერდით იმ დროს, როდესაც რეგიონში ამერიკული ეკონომიკური, სატრანზიტო და უსაფრთხოების ინტერესი იზრდება. მაგრამ საქართველოს მონაწილეობა ასეთ სტრატეგიულ პროექტებში შეუძლებელია იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიას აწარმოებს; ქვეყანაში შეუზღუდავ სივრცეს უტოვებს ირანულ, რუსულ და ჩინურ გავლენებს; დევნის პროდასავლურ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და დამოუკიდებელ მედიას; კანონის უზენაესობას ცვლის პოლიტიკური კონტროლით; სტაბილურობას კი არა, კონტროლირებულ კრიზისს ქმნის.
საქართველოს სჭირდება ნორმალიზაცია, მაგრამ არა ფასადური ნორმალიზაცია. ნორმალიზაცია ვერ დაიწყება იმით, რომ რეჟიმი რამდენიმე დეკორატიულ ნაბიჯს გადადგამს, რამდენიმე პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს ან დროებით შეაჩერებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს. ეს იქნება არა პოლიტიკური შემობრუნება, არამედ ამერიკელების და დასავლელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ნამდვილი ნორმალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლება ცვლის კურსს ფუნდამენტურად: არა განცხადებებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით.
ბიძინა ივანიშვილს მართლაც თუ სურს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება და არა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენა, უნდა დაამტკიცოს ეს შემდეგი ნაბიჯებით, რაც რუბიოს განცხადებაშიც იკითხება. პირველი, ირანული, რუსული და ჩინური გავლენების შეზღუდვა. უნდა დაიწყოს პროირანული, პრორუსული და პროჩინური ქსელების რეალური შესწავლა, დაფინანსების წყაროების გადამოწმება და მათი პოლიტიკური გავლენის აღკვეთა. მეორე, ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. ვერ იქნება პარტნიორობა ვაშინგტონთან მაშინ, როცა ბიძინას ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა ყოველდღიურად ესხმის თავს აშშ-ის, ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებს. მესამე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. პროდასავლური ოპოზიციის, აქტივისტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები უნდა შეწყდეს. მეოთხე, რეპრესიული კანონების გაუქმება – გრანტების კანონი, უცხოური დაფინანსების შეზღუდვები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმები, ონლაინ გამოხატვის კონტროლის მექანიზმები და სამოქალაქო სექტორზე ზეწოლის ინსტრუმენტები უნდა გაუქმდეს. მეხუთე, ძალადობის ორგანიზებული ჯგუფების განეიტრალება. უნდა იყოს გამოძიებული ძალადობის დოკუმენტირებული შემთხვევები, იდენტიფიცირებული მოძალადეები და მათი კავშირები სახელისუფლო ვერტიკალთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და უცხო გავლენებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ოპოზიციური ალიანსის“ განცხადებით, იმ დროს, როდესაც რეპუტაციული პროამერიკული და პროევროპული ორგანიზაციები იდევნებიან, ირანთან დაკავშირებული რელიგიური, იდეოლოგიური და საინფორმაციო ქსელები საქართველოში თავისუფლად მოქმედებენ.
„ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც სანქცირებულ სუბიექტად არის მოხსენიებული, ღია წყაროებში დაკავშირებულია ირანის იდეოლოგიურ გავლენასთან. OpenSanctions-ის მონაცემებით, Al-Mustafa International University სანქცირებულ სუბიექტად არის აღრიცხული. ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმეა კონტრასტი: ერთი მხრივ, ბიძინას ხელისუფლება ზღუდავს დასავლურ გრანტებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედიას; მეორე მხრივ, ირანული გავლენის არხები, რელიგიური ქსელები და ანტიდასავლური ნარატივები ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური პასუხის გარეშე რჩება. „ალიანსის“ ამოცანაა, დაიცვას ქართველი ხალხის რეალური ინტერესი – თავისუფალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება, დასავლურ პარტნიორობასთან დაბრუნება და ისეთი სახელმწიფოს აღდგენა, სადაც მოქალაქე დაცულია, ბიზნესი დაცულია, თავისუფალი აზრი დაცულია და ქვეყანა არ არის ერთი ადამიანის პირადი გარიგებების მძევალი. „ალიანსი“ ქართველ ხალხს ეხმარება იმით, რომ არ აძლევს რეჟიმს შესაძლებლობას, საქართველოს სახელით ივაჭროს დასავლეთთან, ხოლო ქვეყნის შიგნით გააგრძელოს რუსული ტიპის მმართველობა. ნორმალიზაცია გვინდა, მაგრამ არა ივანიშვილის პირობებით; სტაბილურობა გვინდა, მაგრამ არა თავისუფლების ჩახშობის ხარჯზე; ამერიკასთან პარტნიორობა გვინდა, მაგრამ არა იმ რეჟიმის მეშვეობით, რომელიც ამერიკის მეგობრებს დევნის და ამერიკის მოწინააღმდეგეებს აძლიერებს. „ალიანსის“ მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნოს არჩევანის უფლება და სახელმწიფოს დაუბრუნოს დასავლური კურსი“, – ნათქვამია განცხადებაში.
0
0