
ოპოზიციონერი დეპუტატები რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ წერილობით განცხადებას ავრცელებენ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მმართველ პარტიას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, შეუსაბამოს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და ევროპულ არჩევანს და გააუქმოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, დაეთანხმოს ოკუპანტ ქვეყანას - რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან დამატებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ხალხის მიერ გაკეთებულ ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
იმ ფონზე, როცა მმართველი პარტია არასრულად ასრულებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელ 12 რეკომენდაციას, დღითიდღე აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და ამით ზრდის ოკუპანტი ქვეყნის გავლენებს საქართველოში, ეს ნაბიჯი დამატებითი ბარიერია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო რუსულ ავიაკომპანიებს ადევთ დასავლური სანქცია და 36 ქვეყანა, მათ შორის - ევროკავშირის 27 წევრი, პირდაპირ კრძალავს რუსეთთან ფრენებს. იმავდროულად, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ძლიერდება საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაცია, ჩვენი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიის პროცესი. რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმის დაწესებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიზანმიმართულად ემსახურება საქართველოზე რუსეთის გავლენის გაზრდას და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს. საქართველოს აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, შეესაბამებოდეს ევროკავშირის დადგენილებებს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, თუმცა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებიდან დღემდე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან მიმართებით საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის ისედაც დაბალი 44%-იდან წლევანდელ 31%-მდე. ეს მკაფიოდ ავლენს საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და ხალხის მიერ ევროპულ არჩევანს შორის დაპირისპირებას.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, შეუსაბამოს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და ევროპულ არჩევანს და გააუქმოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობა და ყველა სხვა მცდელობა დგება სერიოზული რისკის ქვეშ”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ბუჩუკური, ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ქეთევან თურაზაშვილი და თინათინ ბოკუჩავა აწერენ.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025