
საეჭვო სიჩუმე არის ოპოზიციის მხარეს, გავლენ წინასაარჩევნოდ სოფლებსა თუ ქალაქებში და ამ სიჩუმის გამო, მიიღებენ პასუხს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის ინიცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი ამ საკითხის გაუბრალოებას ცდილობს, თუმცა მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული მაგალითები ამ საკითხის სერიოზულობაზე მეტყველებს.
„საეჭვო სიჩუმე არის ოპოზიციის მხარეს. ფაქტია, რომ როდესაც ამ საკითხს არიდებენ თავს, ამით სურთ, რომ რაღაცნაირად გააუბრალოონ ის. თუმცა, სინამდვილეში, საქმე სულაც არ არის სახუმაროდ და სერიოზულ საკითხთან გვაქვს გვაქვს საქმე. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა 5-10 წლის წინ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევდა იმის მტკიცება, რომ ქალი ქალია, კაცი კი კაცია. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დღეს დიდ ბრიტანეთში არის ასეთი მდგომარეობა, რომ პრემიერ-მინისტრს უწევს ამაზე საუბარი.
ეს არის სერიოზული თემა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უდგას და საქმე იმაში არის, რომ ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ - როდესაც უკვე უჭირთ ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა და პრემიერ-მინისტრების დონეზე უწევთ რაღაც განცხადებების კეთება. დრო არის, ღია არის სივრცე იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორც მოხდეს იმის ჩამოყალიბება, რომ ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, ასევე უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უფლებები იმ მხრივ, რომ მანკიერი პროპაგანდისგან იყოს დაცული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ თემაზე ცხადი იყოს ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ მსგავსმა თემებსა საქართველოშიც არ წამოიწიოს.
„ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა, სხვადასხვა დაფინანსებით გადმოედინება ხოლმე საქართველოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აქედანვე იყოს ცხადი, თუ რა არის ქართული საზოგადოების პოზიცია. ამიტომაც, ჩვენ ღია დისკუსია შევთავაზეთ ყველას, იქნება ეს ოპოზიცია თუ თუნდაც „ენჯეო“ სექტორი, რომ ჩაერთონ ამ საკითხში და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები თუ პოზიცია, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი იმალებიან და ემალებიან საზოგადოებას ამაზე სასაუბროდ.
ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. შემდეგ, ისინი გავლენ წინასაარჩევნოდ სოფლებსა თუ ქალაქებში და ამ სიჩუმის გამო, მიიღებენ პასუხს, ვინაიდან, ამ საკითხზე სიჩუმე ნიშნავს მხარდაჭერას ამ პროპაგანდის. რაც შეეხება „ენჯეო“ სექტორს, გასაკვირი ბევრი არაფერი არ არის. მე მახსოვს, ჯერ კიდევ კონსტიტუციური რეფორმის დროს, 2017 წელს, როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაშინ, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებაც კი იყო ამასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ქორწინების დეფინიცია ყოფილიყო ორ სხვადასხვა სქესს შორის კავშირი სწორედ იმ არგუმენტაციით, რომ უნდა იყოს დაშვებული, ერთნაირ სქესიანთა ქორწინების შესაძლებლობა. დღეს ვხედავთ, რომ „ენჯეო“ სექტორი ჩუმად არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
0
0