09/04/2022
15:19
პოლიტიკა
უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უარს და ზოგადად უკრაინასთან მიმართებით ხელისუფლების განცხადებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
სხვადასხვა პარტიის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მედიის შეკითხვებსაც უპასუხეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება არ ჩადის უკრაინაში, მაშინ ის მეორედ წავა უკრაინაში და ასევე აპირებს, მიმართოს ოპოზიციას, რომ ისინიც ჩავიდნენ და თავიანთი თვალით ნახონ, როგორია უკრაინელების ტრაგედია. დეკანოიძის ინიციატივის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ გამოთქვა იგივე მოსაზრება, ხოლო „ლელომ“ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია აქვთ ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავენ და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს თავისუფლების ფასის გადახდა ყოველთვის უწევს და გამარჯვების მიღწევა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი. გახარიას შეფასებით, ხელისუფლების საქციელს არანაირი მორალური გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება. გახარიამ კონკრეტული განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი მორალურად გვერდით უნდა დაუდგეს იმ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის.
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, იმის მიუხედავად, ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის ვისი განცხადება არ მოსწონს, დღეს უკრაინა ომშია, რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს და დღეს იმაზე საუბარი, რომ უკრაინის მხრიდან რამე საწყენია, არასწორია.
უკრაინის რადის სპიკერმა სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში 7 აპრილს განაცხადა, რომ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვები ევროკავშირის პარლამენტებსა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერებს, რომ მოინახულონ უკრანის გათავისუფლებული ქალაქები, განსაკუთრებით ბუჩა და ირპინი.
საქართველს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უარს აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის მიწვევაზე.
0
0