18/06/2023
19:52
მსოფლიო
ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის სასამართლო რეფორმაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს მას შემდეგ, რაც, მისი სიტყვებით, ოპოზიციასთან ერთთვიანი კომპრომისული მოლაპარაკებები უსარგებლო აღმოჩნდა.
"ჩვენ მათ ერთი თვე მივეცით, კიდევ ერთი თვე, შემდეგ კიდევ ერთი თვე - ჯამში, სამი. მათ [ოპოზიციის] წარმომადგენლებთან ყველაზე მარტივ ჭეშმარიტებებზეც ვერ შევთანხმდით. მიზანი მხოლოდ დროის დაკარგვა იყო.
ისრაელის საზოგადოების უდიდეს ნაწილს ესმის, რომ სასამართლო სისტემაში ცვლილებებია საჭირო. ამიტომ, ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირაში და გადავდგამთ აქტიურ ნაბიჯებს იმ მანდატის შესაბამისად, რომელიც ჩვენ ამომრჩევლისგან მივიღეთ". - ამბობს პრემიერმინისტრი.
დასავლური მედიის განმარტებით, იმის გამო, რომ მმართველი კოალიცია პარლამენტში 120-დან 64 ადგილს ფლობს, კანონპროექტის რატიფიცირება, თუკი მას კენჭისყრაზე გაიტანენ, ერთი შეხედვით, საკმაოდ იმედიანად გამოიყურება. თუმცა, ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი ვარაუდობს, რომ ნეთანიაჰუ ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ კანონპროექტს მხარს სრული უმრავლესობა დაუჭერს, ვინაიდან გასულ კვირას ფარული კენჭისყრისას უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის დეპუტატის სასამართლო კომიტეტის წევრად არჩევას მხარი დაუჭირეს.
"თუ ნეთანიაჰუ მართლაც გადადგამს ამ ნაბიჯს, აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ის ისრაელის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების პრემიერმინისტრია". - წერს ლაპიდი.
0
0