25/11/2024
22:33
პოლიტიკა
როდესაც ამბობ: პროტესტი, დაუმორჩილებლობა და ქმნი რაღაც ილუზიას, უნდა იცოდე, რამდენად შეგიძლია ამის რეალიზება - დღეს აქციაზე არ იყო [ხალხის] ის რაოდენობა, რაც უნდა ყოფილიყო პარლამენტის პირველ სხდომის დროს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, საზოგადოებაში იმედგაცრუებაა და ეს ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას.
„ოპოზიციამ უფრო მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე ფიქრობს, უფრო სწორი მიმართულება უნდა მისცეს თავის საქმიანობას - ეს იქნება საპროტესტო მოძრაობა თუ პარტნიორებთან ურთიერთობა. როდესაც ამბობ: პროტესტი, დაუმორჩილებლობა და ქმნი რაღაც ილუზიას, უნდა იცოდე რამდენად შეგიძლია ამის რეალიზება. ძალიან ცუდ სურათს ვიღებთ. როდესაც ლაპარაკობ, რომ ავაგორებ საპროტესტო ტალღას, თავად უნდა განსაზღვრო რისი თავი გაქვს. თუ იცი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ამაში არ მონაწილეობენ, მაშინ იმდენი უნდა თქვა, რისი შესაძლებლობაც გაქვს. საზოგადოებაში იმედგაცრუებაა, ეს არ შეიძლება, რომ დავუშვათ. მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ 25 ნოემბერს უამრავი ადამიანი შევიკრიბებით, ვერ მოახერხეს. როცა ასეთ რამეს აანონსებ, მაშინ ასეც უნდა მოაწყო, უნდა შექმნა განწყობა, რომ ხალხი მივიდეს. დღეს აქციაზე არ იყო ის რაოდენობა, რაც უნდა ყოფილიყო პარლამენტის პირველ სხდომის დროს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ვახტანგ ძაბირაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში პრეზიდენტის განცხადებებსაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში - მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“.
ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საეჭვოა, რომ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა ძალას ის მხარდაჭერა ჰქონდეს საზოგადოებიდან, რაც საჭიროა.
„ძალიან კარგია თუ ზურაბიშვილი დარჩება პოლიტიკაში, მაგრამ მეეჭვება, რომ მის ირგვლივ შექმნილ ახალი პოლიტიკური ძალას ის რეზონანსი ან მხარდაჭერა ჰქონდეს, რაც საჭიროა. უკვე საკმაოდ დიდი ხანია პოლიტიკურ არენაზეა ქალბატონი ზურაბიშვილი და მე მგონი, მან თავისი პოტენციალი ამ მიმართულებით ამოწურა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024