-share.jpg)
სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის მხარდამჭერით გაიმართა ფართომასშტაბური პროპალესტინური აქცია, რომელზეც თავად ქვეყნის ლიდერმა გააჟღერა ისრაელის საწინააღმდეგო გზავნილები. ერდოღანმა ისრაელს ღაზაში "სიგიჟის" დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
აქციაზე თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.
"ისრაელო, ჩვენ ასევე გამოგაცხადებთ ომის დამნაშავეებად მსოფლიოს წინაშე, ამისთვის ვემზადებით და მსოფლიოს ისრაელს ომის დამნაშავედ წარვუდგენთ". – თქვა ერდოღანმა.
ერდოღანმა ისრაელს ოკუპანტი უწოდა და თქვა, რომ "დასავლეთს თქვენი ვალი აქვს, მაგრამ თურქეთს არა". მისი მტკიცებით დასავლურმა სამყარომ მოახდინა მედიისა და პოლიტიკოსთა მობილიზაცია, რათა ღაზის მოსახლების "ჟლეტა" ლეგიტიმურად ეცნოთ.
ერდოღანის თქმით, ვინც "უკრაინაში დახოცილ მშვიდობიან მოსახლეობაზე ნიანგის ცრემლებს ღვრიან, ღაზაში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს ჩუმად უყურებენ".
თურქეთის პრეზიდენტმა აქციაზე დასავლური ნარატივები გააჟღერა.
"ვეკითხები დასავლეთს, გსურთ კიდევ ერთი ჯვაროსნული ომის ატმოსფეროს შექმნა?.. ღაზაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტაში მთავარი დამნაშავე დასავლეთია". – თქვა ერდოღანმა.
ამას გარდა, ერდოღანმა ისრაელს უწოდა რეგიონის "პაიკი", რომელსაც "როცა დრო მოვა, გაწირავენ".
0
0