
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო. ამასთან, აუცილებელია დროულად დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს და მას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის 29 ოქტომბერს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების აქციას ეხმაურება.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ბავშვების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხს.
„სახალხო დამცველი ეხმიანება 2025 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას მომხდარ ფაქტს, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევის გამო, მიზანმიმართული, რეალური საფრთხე შეექმნა შეკრების მონაწილეებს.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო. ამასთან, აუცილებელია დროულად დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს და მას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავ უწყებასთან. ხოლო სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ბავშვების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხს.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით უკვე სწავლობს ბავშვებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას, რასთან დაკავშირებითაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გამოხატავენ პროტესტს. საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია გამოთხოვილია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან. მოცემულ ეტაპზე, წარმოება გრძელდება“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ და ქუჩა გადაკეტეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იდგნენ, მანქანა შევიდა და „დრიფტი“ მოაწყო.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. სამართალწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 123-ე და 125-ე მუხლებით დაიწყო.
0
0