
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი, ალან გაგლოევი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და თანამშრომლობა საკითხთა ფართო სპექტრზე.
პესკოვმა დასძინა, რომ ლიდერებმა ასევე განიხილეს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, მათ შორის მაისში ხელმოწერილი შეთანხმების გათვალისწინებით.
მისი თქმით, მხარეები გააგრძელებენ საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნას და თანდათანობით გადავლენ ერთიან მიდგომაზე გარე სესხებისა და უცხოური ინვესტიციების მიმართ.
რუსული მედიის თანახმად, ასევე იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და სოციალურ, შრომისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოება.
დოკუმენტის მიზანია კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობა, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნა.
0
0