
ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის აეროპორტში სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ, იუწყება „აიშარა“.
გამოცემის ცნობით, 15 მაისიდან მოყოლებული, რვა სამშენებლო კომპანიების, არც ერთი თანამშრომელი არ დაბრუნებულა სამსახურში. მიზეზი ხელფასის გადაუხდელობას უკავშირდება.
გენერალური კონტრაქტორი ხელფასს არ იხდის, რადგან აეროპორტის მფლობელს დაახლოებით ორი თვის განმავლობაში თანხები არ გადაურიცხავს. "აიაშარიდან" წყაროს ცნობით, სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები უარს ამბობენ სამსახურში დაბრუნებაზე, ვიდრე მათ ხელფასის დავალიანებას სრულად არ გადაუხდიან.
"აიაშარის" წყარომ ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, აეროპორტში არასტაბილური ენერგომომარაგების გამო, საგანგებო სიტუაცია შეიქმნა - საკონტროლო ოთახის, სადაც ფრენის მართვისა და თვითმფრინავების უსაფრთხო გადაადგილებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები იმყოფებიან, ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად გაითიშა. ასევე გამოირთო ასაფრენ ბილიკებზე გამოყენებული სიგნალიზაციისა და განათების სისტემები.
მეორე დღეს ავარია აღმოიფხვრა, თუმცა, წყაროს ცნობით, „პრობლემა მხოლოდ დროებით მოგვარდა, რადგან ავარიის სრულად აღმოსაფხვრელად საჭიროა მაღალი ხარისხის აღჭურვილობა“.
გამოცემა წერს, რომ აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტს "ვიცე-პრეზიდენტის" თანამდებობაზე ყოფნის დროს ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა ხელმძღვანელობდა.
„მან წინასაარჩევნო პერიოდშიც განაგრძო ამ პროექტის წარმატების დემონსტრირება, პომპეზური სატესტო ფრენისა და აეროპორტის გახსნის წინასაარჩევნო შოუდ გამოყენებით. ამასობაში, ჩვენი წყარო იტყობინება, რომ ყველა ავიაკომპანიამ უარი თქვა აეროპორტში ფრენაზე, ძირითადად ტექნიკური მიზეზების გამო“, - წერს "აიშარა" და დასძენს, რომ გუნბამ საფრთხე შეუქმნა აეროპორტში მიმავალი ადამიანების უსაფრთხოებას.
0
0