
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს.
„აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად, გამოავლინა „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის არხი“ და დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი.
„ერთ ჯგუფში თურქეთის ორი მოქალაქეა: 1997 წელს დაბადებული სელჩუკ გურენი, რომელიც, ოპერატიული მონაცემების თანახმად, ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნის ქვეშაა თურქეთში ადრე ჩადენილი შეკვეთით მკვლელობისთვის და 2001 წელს დაბადებული დოგან ბერსანი, რომელიც ასევე მკვლელობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იძებნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დეფაქტო უწყების ცნობით, 26 მაისს დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეები: აზიზოვი ჰასან ეთიბარ ოღლუ, დაბადებული 1974 წელს და თაჰმაზლი ნამაზ თაჰმაზ ოღლუ, დაბადებული 1990 წელს.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, მათ „სცადეს აფხაზეთში დამალვა, რათა თავიდან აეცილებინათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე“.
აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან განსხვავებით, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, სად და რა მიზნით მიემართებოდნენ თურქეთის დაკავებული მოქალაქეები.
0
0