Oceangate-ის ექსპედიციის მონაწილემ რორი გოლდენმა BBC-სთან წყალქვეშა ნავ „ტიტანის“ კატასტროფის შესახებ ისაუბრა. როგორც ცნობილია, 2023 წლის ივნისში, „ტიტანი“ ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. კატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული, ფრანგი მყვინთავი პოლ ჰენრი ნარგეოლეტი რორი გოლდენის ახლო მეგობარი იყო.
”ჩვენ ცხადად წარმოვიდგინეთ სურათი, რომ შეშინებული მგზავრები წყალქვეშა ნავში ჟანგბადის გარეშე დარჩნენ. მას შემდეგ, რაც წყალში ნავის აფეთქების შესახებ შევიტყვეთ, ვივარაუდეთ, რომ ბორტზე მყოფი ადამიანები დიდხანს არ დაიტანჯებოდნენ.
როდესაც ნავი დიდი ხნით გაუჩინარდა, ზედმეტად არ გვინერვიულია, რადგან ოკეანეში, ზოგადად, კომუნიკაციები წყდება ხოლმე. მაგრამ, როდესაც განგაში საბოლოოდ ამოქმედდა, სწორედ მაშინ მივხვდით, რომ სერიოზული საფრთხე შეიქმნა,“ - თქვა გოლდენმა.
გოლდენი იხსენებს, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ ჩატარებული რამდენიმედღიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ, წყალქვეშ დარტყმის ხმები დაფიქსირდა, რამაც იმედი გააჩინა, რომ ხმაური დაკარგული ნავიდან ისმოდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის დროს ბორტზე მყოფი პირები მომენტალურად დაიღუპნენ.
„ოთხი დღე ცრუ იმედით ვიყავით. ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა პასუხგასაცემი. ერთ-ერთი მე ვარ, ვინც ტრაგედიამდე, ფრანგი მყვინთავი, პოლ ჰენრი ნარგეოლეტი, ცოცხალი ნახა. ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ „ტიტანით“ მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცა.
მე და ნარგეოლეტს მანამდეც გვისაუბრია წყალქვეშა ნავით მოგზაურობის შესახებ. წინა წელს, მე თვითონვე ჩავყვინთე ასეთი ნავით და ცოცხალი ვარ. Titan Sub-ი 15-ჯერ ჩავიდა ოკეანეში „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას, ასე, რომ ის გამართულად მუშაობდა. დისკომფორტის გარეშე, 12 საათი გავატარე „ტიტანიკთან“. წყალქვეშა ნავში ყოფნა სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო და რეალურად შემეძლო თავისუფლად გადაადგილება. საერთოდ არ ვნანობ, რომ ოკეანეში ვიმოგზაურე. ალბათ, არ მეწერა სიკვდილი - ჩემი დრო არ იყო. ეს ხომ არავინ იცის.
დაკარგვიდან 4 დღის შემდეგ, „ტიტანის“ ნამსხვრევების აღმოჩენამ ბორტზე მყოფთა ბედი დაადასტურა. ყველა ვტიროდით, როდესაც ცხედრების ნაწილები ვნახეთ. 4 მტანჯველი დღის განმავლობაში, ჩვენს შორის უხილავი კავშირი ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველთვის იარსებებს,“ - თქვა რორი გოლდენმა.
როგორც BBC-ი წერს, დარგის ექსპერტებმა „ტიტანის“ ოკეანეში გაშვებამდე მისი უსაფრთხოების ირგვლივ მრავალი კითხვა წამოაყენეს. აშშ-ისა და კანადის სანაპირო დაცვის სამსახურების მიერ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, რათა ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს.
0
0
81 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან
09/05/2026