
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი საქართველოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტნიორების ხედვები მოისმინონ.
„მათი აქ ჩამოსვლა და შეხვედრების დანიშვნა როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან ნიშნავს, რომ მათთვის საქართველო მოიაზრება, როგორც მყარი პარტნიორი და დიდ იმედებს ამყარებენ. ჩვენ ცალსახად ვართ ევროპის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვექნება ასაღები ვალდებულებები, რომლებიც სრულფასოვნად გვექნება შესასრულებელი და ალბათ სჯობს, სწორი იყოს ჩვენი პოზიციონირება. ამ შემთხვევაში, ლომის წვლილი უჭირავს ბიზნესს. ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობები არის გადამწყვეტი. ჩვენ ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპისკენ, ფართოდ უნდა გავუღოთ ევროპას კარი საქართველოსკენ და რა თქმა უნდა, დიდწილად მოგვიწევს უარის თქმა რუსეთთან ურთიერთობაზე. მნიშვნელოვანია, გავიგოთ მათი ხედვები, რა პრობლემებს ხედავენ და მომავალში თუ რაიმე საფრთხეები იქნება, გავითვალისწინოთ, მომზადებული დავხვდეთ იმ პროცესებს, რაც წინ გველოდება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ მაღალი დონის სტუმრები საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლებენ და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთან.
0
0