
ნორვეგიის პრინცესა, ინგრიდ ალექსანდრა თავის პირველ ნამდვილ სამხედრო წვრთნას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იწყებს და მომდევნო თორმეტ თვეს საინჟინრო ბატალიონის შემადგენლობაში გაატარებს. ცხრამეტი წლის არისტოკრატი ნორვეგიის ტახტის მემკვიდრის, კრონპრინც ჰააკონის უფროსი შვილია და ამდენად, სამეფო გვირგვინის მიღების ხაზით, მამის შემდეგ, მეორე პირია.
აქამდე პრინცესა სასახლეებში ცხოვრობდა, მაგრამ აქ ის სხვებისგან არაფრით განსხვავდება.
„მან ისევე უნდა მორეცხოს იატაკი, როგორც ყველამ, მოუაროს თავის ოთახს, მოაწესრიგოს საწოლი და იაროს კლასში. მის მიმართაც იგივე მოთხოვნები არსებობს, როგორიც ყველა სხვა ახალწვეულის მიმართ“, - ამბობს საინჟინრო ბატალიონის ასეულის მეთაური, ჰოგენ ვანგსნესი.
ნორვეგიის მეფე, ჰარალდ V თავის შვილიშვილში, მისი დაბადების მომენტიდან, საკუთარ თავს ხედავს. მათი სიახლოვე აშკარად გამოჩნდა პრინცესას მე-18 დაბადების დღის აღსანიშნავ ზეიმზე, რომელსაც ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„მე არაერთხელ გითხარი - იყავი ისეთი, როგორიც ხარ და გჯეროდეს, რომ ეს ყოველთვის საკმარისია“, - ასე მიმართა მაშინ მონარქმა შვილიშვილს და მას ოჯახის დევიზი, - „ყველაფერი ნორვეგიისთვის“,- შეახსენა.
ინგრიდ ალექსანდრა თავგადაკლული სპორტსმენია და არ გაურბის სპორტდარბაზში სიარულს, ადრენალინის გამოსაყოფი ვარჯიშების შესასრულებლად. ცოდნა, რომელსაც ჯარში მიიღებს, მაშინ გამოადგება, როდესაც სამეფო ტახტზე ბაბუას და მამას შეცვლის.
ნორვეგია ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამ ქვეყანაში, თვრამეტი წელზე უფროსი ასაკის ყველა პირი წელიწადნახევრიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს ექვემდებარება. ჯარში აქ, ყოველწლიურად, დაახლოებით ცხრა ათას ახალგაზრდა ვაჟსა და ქალს იწვევენ.
0
0