04/11/2022
12:03
პოლიტიკა
ნონა მამულაშვილი გონიერი ადამიანია, შეუძლებელია, „ნაცმოძრაობაში“ არსებულ პრობლემებს ვერ ხვდებოდეს, ჩემთვის გასაგებია მისი იმედგაცრუება - ამის შესახებ, პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს.
„ნონა გონიერი ადამიანია და შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ახლა „ნაცმოძრაობაში“ არსებობს და ასევე ამ პრობლემების გადაწყვეტის რაღაცნაირად გაჭიანურებას, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი. აქედან გამომდინარე, მისი იმედგაცრუება „ნაციონალური მოძრაობით“ ჩემთვის სრულიად გასაგები და ბუნებრივია“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, უკიდურესად აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ტრანსფორმაცია და სხვა კონფიგურაციის შემუშავება, რადგან ბოლო ათი წელია, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე იგებს
„ჩვენ დიდი ხნის წინ მოვუწოდებდით „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმაციისკენ, მათ შორის დაშლისკენ, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა გახდეს სხვანაირი, სხვა კონფიგურაცია უნდა მივიღოთ შემდეგ არჩევნებზე. ამ კონფიგურაციით, რა კონფიგურაციითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამგვარი დომინაციის პირობებში არსებობდა პოლიტიკურ სპექტრზე, ბოლო ათი წელია, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე იგებს. აქედან გამომდინარე, უკიდურესად აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ტრანსფორმაცია. ცხადია, პარტიაში ყველა არ იქნება ასეთი ტიპის ტრანსფორმაციის მომხრე, ბევრი ადამიანი ეცდება, რომ რაღაცნაირად იგივე წესრიგით მივიდეს შემდეგ არჩევნებამდე, რაც რასაკვირველია, წაგების ფორმულაა. ქალბატონი ნონა რომ ამას ხვდებოდეს, მე ამას საერთოდ არ გამოვრიცხავ და ამიტომ მესმის მისი. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, ჩვენ თუ 2022 წელს ყველანი ახალი განწყობით დავიწყებდით, განახლებული პოლიტიკური სპექტრით და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანით. ამ თვალსაზრისით მგონია, რომ ევროპელებსაც შესაძლოა, გაეგოთ ის შეყოვნება, რა პროცესშიც ახლა ჩვენ ვართ. ამიტომ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ განახლდეს ქართული პოლიტიკური კონტექსტი და რაღაცნაირად გამოვიდეთ იმ კონტექსტიდან, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლას უკავშირდება. ბრძოლის შეწყვეტის ბევრი ფორმა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ფორმა არის ის, რომ უბრალოდ ბრძოლას ცალმხრივად წყვეტ, ამბობ, რომ ეს უნდა მორჩეს და ახლა ჩვენ ქვეყნის გამთლიანების გზისკენ უნდა წავიდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და „ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვა.
0
0