20/01/2023
22:55
სამხედრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსის, გია ედილაშვილის განცხადებით, ნოდარ ათუნაშვილი, რომელმაც საგარეჯოში მეზობლებს და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ვეტერანთა აღრიცხვის ერთიან ბაზაში, როგორც ვეტერანი ირიცხებოდა და აგვისტოს ომის მონაწილე იყო. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში აღნიშნა.
„ნოდარ ათუნაშვილი იყო ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ის 2006 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად მას გავლილი ჰქონდა 4 კონტრაქტი, იყო 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილე, ირიცხებოდა პირველ ქვეით ბრიგადაში და ასევე, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში“,- განაცხადა გია ედილაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ვეტერანთა სამსახური პირებისთვის, რომლებიც პოსტკონფლიქტური სინდრომით იტანჯებიან, ახალ პროგრამებს გეგმავს.
როგორც გია ედილაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნიდერლანდებთან, სამომავლოდ იგეგმება გაცვლითი პროგრამები, რაც ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლის შეფასებით, ხელს შეუწყობს ფსიქორეაბილიტაციის პროცესს.
„პოსტკონფლიქტური სინდრომი ძალიან ბევრ მოქმედ და ყოფილ სამხედროს აწუხებს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოში გავრცელებული სენია. ყველა სახელმწიფო ცდილობს თავისდაგვარად მოაგვაროს აღნიშნული ძალიან რთული პროცესი. რაც შეეხება ჩვენს სამსახურს, ამ ბოლო წლებში უკვე დაინტერესება წამოვიდა ჩვენი სახელმწიფოსა და მთავრობის მხრიდან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობასთან, ასევე ნიდერლანდების სამეფოს ინსტიტუტი იყო ჩამოსული ჩვენთან, გასული წლის ივლისის თვეში - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგი იყო ჩამოსული. გაცვლითი პროგრამები იქნება სამომავლოდ და ძალიან დიდი ალბათობით, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ხელს შეუწყობს ფსიქორეაბილიტაციის პროცესს“,- განაცხადა გია ედილაშვილმა.
ამასთან, გადაცემაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭანტურიძემ განაცხადა, რომ მათ სამსახურში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები არსებობს, თუმცა პირს, რომელმაც საგარეჯოში მეზობლებს და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, მათთვის რაიმე სამედიცინო სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებით არ მიუმართავს.
0
0