
ნიუ-იორკის პოლიციამ 300-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც ღაზაში სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
აქცია ნიუ-იორკის ებრაელთა ჯგუფის, Jewish Voice for Peace-ის მიერ იყო ორგანიზებული. მათ ნიუ-იორკის რკინიგზის ცენტრალური სადგურის ბლოკირება მოახდინეს. აქციის მონაწილეები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდნენ. ისინი ამ აქციას „ნიუ-იორკში ბოლო 20 წლის განმავლობაში დაუმორჩილებლობის ყველაზე მასშტაბურ აქციას“ უწოდებენ.
„შაბათი ჩვენი დასვენების დღეა, მაგრამ ჩვენ ვერ დავისვენებთ, როდესაც ჩვენი სახელით გენოციდი ხდება. პალესტინელთა და ისრაელელთა სოციცხლეები მყარად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ყველას უსაფრთხოება მხოლოდ სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის და თავისუფლების გზით შეიძლება იყოს მიღწეული“, - განაცხადა ნიუ-იორკის რაბინმა მეი იემ.
რამდენიმე დღის წინ Jewish Voice for Peace-ის წარმომადგენლები ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და იქ საპროტესტო აქცია გამართეს. მაშინაც პოლიციამ რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავა.
0
0