
აშშ-ის ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები განადგურებულია, თეირანმა თავისი სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი შეინარჩუნა.
ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
აშშ-ის დაზვერვის მიხედვით, დონალდ ტრამპმა და მისმა სამხედრო მრჩევლებმა გადააჭარბეს იმ ზიანის შეფასებისას, რომელიც აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურას მიაყენეს და სათანადოდ ვერ შეაფასეს ირანის აღდგენის უნარი.
ამავე მონაცემებით, ირანი კვლავ აკონტროლებს თავისი მობილური სარაკეტო დანადგარების დაახლოებით 70%-ს და შეინარჩუნა ომამდელი სარაკეტო არსენალის დაახლოებით 70%.
სტატიაში აღნიშნულია, რომ არსენალი მოიცავს როგორც ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც რეგიონში სხვა ქვეყნების მიზანში ამოღება შეუძლიათ, ასევე რაკეტებს, რომლებიც შედარებით მოკლე დისტანციაზე სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენება.
დაზვერვის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ განლაგებული 33 სარაკეტო კომპლექსიდან 30 უკვე აღადგინა და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ექსპერტების შეფასებით, ეს ობიექტები საფრთხეს უქმნის, როგორც ამერიკულ სამხედრო ხომალდებს, ისე ნავთობის ტანკერებს, რომლებიც სრუტეში გადაადგილდებიან.
დაზვერვის ინფორმაციით, ირანმა ასევე აღადგინა წვდომა თავისი მიწისქვეშა სარაკეტო საცავებისა და გამშვები სისტემების დაახლოებით 90%-ზე, რომლებიც ამჟამად „ნაწილობრივ, ან სრულად საბრძოლო მზადყოფნაშია“.
„ეს ინფორმაცია ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტ ტრამპისა და ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებებს, რომ ირანის სამხედრო ძალები განადგურებულია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.
0
0