
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჭეძიანგის პროვინციის ხელმძღვანელობასთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ მიღწევებს.
წილოსანის თქმით, აღნიშნულ პროვინციაში აქტიურად მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კომპანიების დაფუძნება და უამრავი ცნობილი, გიგანტური ტექნოლოგიური კომპანია სწორედ აქ საქმიანობს.
ნინო წილოსანის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ გამოთქვა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი და ამ ვიზიტს კონკრეტული შედეგები ექნება სხვადასხვა მიმართულებით.
„ჭეძიანგის პროვინცია არის თანამედროვების, ამავდროულად, ტრადიციისა და უძველესი ისტორიის ერთმანეთში შერწყმა. ეს არის პროვინცია, სადაც საფუძველი დაედო ჩაის ტრადიციას, აბრეშუმის წარმოებას. შესაბამისად, ისტორიულად საკმაოდ მდიდარი და ცნობილი პროვინციაა, თუმცა ამავდროულად, ახლა გვაკვირვებს თავისი ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით. ჩვენ შევხვდით ამ პროვინციის ხელმძღვანელობას, გვქონდა საუბარი იმ დიდ მიღწევებზე, რომლებიც პროვინციას და კონკრეტულად ჰანგჯოუს ქალაქს აქვს ტექნოლოგიების მიმართულებით. ის პოლიტიკა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა და მათი ლიდერები გეგმავენ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, არის ნამდვილად სამაგალითო და შეგვიძლია, ბევრი რამ ვისწავლოთ. ამავდროულად, ჩვენ გავეცანით ქალაქ ჰანგჯოუში კონცენტრირებულად ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად ტექნოლოგიური ქალაქის გაშენების პრინციპს.
ჩინეთის პოლიტიკა იცნობს ასეთ მიმართულებებს, რომ პროვინციებს და ქალაქებს განსაკუთრებულ დანიშნულებას ანიჭებენ. შესაბამისად, ამ პროვინციაში აქტიურად მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კომპანიების დაფუძნება, დაინტერესება სხვადასხვა IT სფეროში მომუშავე ადამიანების, კომპანიების მოძიება და მოზიდვა, ამისთვის შესაბამისი საგადასახადო, თუ სხვა ბენეფიტების დაწესება, რამაც საბოლოო ჯამში მათ მისცათ ის შედეგები, რომ უამრავი ცნობილი, გიგანტური ტექკომპანია სწორედ აქ არის დაფუძნებული, აქ საქმიანობს.
თავისთავად, საინტერესოა მათი პროგრესი ტექნოლოგიური წინსვლის და ტექნოლოგიურ სფეროში მიღწევების კუთხით. ჩვენი მხრიდან გამოითქვა სურვილი უფრო მჭიდრო თანამშრომლობის. ვფიქრობ, ამ ვიზიტს ნამდვილად ექნება კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. ფაქტია, გავეცანით ციფრებს, როგორ იზრდება ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად ტექნოლოგიების წილი ჩინეთის ეკონომიკაში, მათ შორის ქალაქ ჰანგჯოუში კონცენტრირებულად დაარსებული სხვადასხვა რაიონები, სადაც, დატვირთვის და დანიშნულების მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიებზე კეთდება აქცენტი. კონკრეტულ ციფრებში აისახა ის გიგანტური კომპანიები, რომლებიც ტექმიმართულებით აქ მუშაობენ, ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგად დაფუძნდა და განვითარდა, რომელიც ჩინეთის მთავრობას აქვს. ეს პოლიტიკა გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს, სხვადასხვა ბენეფიტების მიცემას და რაც მთავარია, მათ კონცენტრირებულად მოძიებას, რომლებმაც საბოლოო ჯამში უნდა შექმნან საუკეთესო ტექნოლოგიური პროდუქტი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
0
0