22/11/2024
18:41
პოლიტიკა
„მინდა გამოვეხმაურო საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, არჩევნებს, რომელმაც წარმოაჩინა ქვეყნის მოსახლეობის მტკიცე, ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა. როგორც არ უნდა ცდილობდნენ ჩვენი ოპონენტები რეალობის გამრუდებას, ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოავლინა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა მმართველი პოლიტიკური ძალისადმი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ ქართულ ოცნებას ანდო ამ ქვეყნის მმართველობა და მე, როგორც ამ პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის“, - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა ნინო რუხაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
„ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ წარმოაჩინა, თუ როგორ გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო, ქართული საზოგადოება და ერთადერთი, ვინც ვერ გამოავლინა ზრდის უნარი, ეს არის ოპოზიცია, რომელიც ხელმძღვანელობს ვადაგასული სახელმძღვანელოებით. ისინი ვერ პასუხობენ იმ დაკვეთას, რომელიც აქვს ამ სახელმწიფოს მოსახლეობას. ყოველი დღე, ყოველი მათი ქმედება - ეს არის დესტრუქციული, ჩვენი ოპოზიციის დევალვაციის, დელეგიტიმაციის დღე. ყოველდღიურად ჩიხში, უფრო ღრმა კრიზისში შედის ჩვენი ოპოზიცია. სამწუხაროდ, ის სცილდება იმ დაკვეთას, რომელიც მის ელექტორატს აქვს. მე ვერ დავიჯერებ, რომ იმ ანტისახელმწიფოებრივ წერილს, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი აგზავნის ბრიუსელში, ხელს აწერდნენ მათი მხარდამჭერები. ეს ჩემთვის არის წარმოუდგენელი, რომ მათი ელექტორატი ითხოვდეს ოპოზიციისგან შეფერხებების შექმნას ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
გამოსვლის დასასრულს კი ნინო რუხაძემ წარმატებები უსურვა პარლამენტის ახალ შემადგენლობას, განსაკუთრებით კოლეგებს, რომლებიც შევლენ ახალი მოწვევის პარლამენტში.
0
0