
ანტარქტიდაზე იმპერატორის პინგვინის წიწილების დაღუპვის კატასტროფული მაჩვენებელი (10000-მდე) დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ყინული მანამდე დადნა და დაიშალა, სანამ პინგვინების სხეულები წყალგაუმტარი ბუმბულით დაიფარებოდა. ფრინველები, სავარაუდოდ, დაიხრჩო ან გაიყინა. მეცნიერებმა, ევროკავშირის Sentinel-2 თანამგზავრების გამოყენებით, თეთრი ზღვის ყინულზე დატოვებული ექსკრემენტიდან [გუანო - გამონაყოფი] პინგვინების აქტივობაზე დაკვირვება შეძლეს. მკვლევართა ჯგუფმა დაინახა, თუ როგორ იშლებოდა ზღვის ყინული გუანოს ქვეშ, სანამ ათასობით პინგვინის წიწილი გლუვი ბუმბულით შემოსვას მოასწრებდა.
ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის (BAS) ექსპერტმა პიტერ ფრეტველმა თქვა, რომ შედეგად, იმპერატორის პინგვინის ოთხი კოლონია ვერ გამრავლდა.
როგორც ცნობილია, ანტარქტიდის ზღვის ყინულის მოცულობა მკვეთრად კლებულობს 2016 წლიდან. კონტინენტის გარშემო გაყინული წყლის მთლიანი ფართობი ახალ რეკორდულ დონემდე მცირდება.
ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის ექსპერტი ქეროლაინ ჰოლმსი ყინულის მოცულობის ამჟამინდელი კლების მიზეზებს კონტინენტის გარშემო ანომალიურად თბილ ოკეანის წყალს და განსაკუთრებულად ძლიერ ქარიშხლებს უკავშირებს.
„არქტიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ კლიმატის დათბობას შევაფერხებდით, პოლარული ჩრდილოეთის ზღვის ყინულის აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ არ ვიცით, შეიძლება თუ არა ეს ანტარქტიდაზეც მოხერხდეს. მაგრამ არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ საკმარისად ცივი ტემპერატურის პირობებში, ზღვის ყინული რეფორმირდებოდა“.
ამჟამად, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ იმპერატორის პინგვინები კლასიფიცირებულია, როგორც "ახლო საფრთხის ქვეშ", გადაშენების პირას მყოფი სახეობა.
0
0