
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მომღერალ მიშო სულუხიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მიშო სულუხია ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, „რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა კი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს“.
უწყების ცნობით, მიშო სულუხია არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
„წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“,- განაცხადეს შსს-ში.
ინფორმაციისთვის, მომღერალი მიშო სულუხია „ფეისბუქ“ გვერდზე წერდა, რომ წუხელ საღამოს, მეგობართან მიმავალს, ლისის ტბაზე ქუჩაში დახვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არ წარმოუდგინეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მისივე თქმით, მას გადაუკეტეს გზა, გადმოსვეს ტაქსიდან და ტელეფონი წაართვეს.
0
0