
ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ნინა სანდერმა განაცხადა, თუკი, მას დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ, ის მშრალ შიმშილობას დაიწყებს.
სანდერმა სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს დრო სთხოვა რათა მისი ჯანმრთელობის შესახებ ესაუბრა.
„მე ჩამოვედი გერმანიიდან ქართველი ხალხის ხმის უფლების დასაცავად, ვინაიდან არჩევნები გაყალბდა... რის გამოც, ეს მთავრობა არალეგიტიმურია და აღმასრულებელი ორგანო არალეგიტიმურია, სახელმწიფო მიტაცებულია. ქართველების, ევროპული მომავლის დასაცავად ვიდექი სისხლიან აქციებზე, სადაც ტერორი, დარბევა ხდებოდა, ჩემზეც განხორციელდა ჯგუფური ძალადობა ფორმიანი პოლიციელებისგან, წამაქციეს და ყელში ჩამარტყეს წიხლი. როგორც დანარჩენ მოქალაქეებზე, ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რისი გამოყენების შემდეგაც, რასაც ტელევიზიით ვისმენ, ის სიმპტომები მაქვს მეც, მაქვს გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები... D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს, ასევე ვეგანურად ვცხოვრობ, ის ვიტამინი მოვითხოვე, რაც გერმანიაში დამინიშნეს, მეოთხე თვეა, D ვიტამინი არ მიმიღია. გულის უკმარისობა, ზურგის ტკივილი მაქვს, კარდიოგრამაც არ გადამიღეს. ტკივილის ატანა არის ტანჯვა, გავდივარ წამებას, ტკივილით ტანჯვას, ამას ემატება გულის პრობლემები. მეოთხე თვეა, D ვიტამინი არ მაღირსეს, ექიმმა მომატყუა ვეგანს და არავეგანური წამალი მომიტანა.
იანვრიდან დამისივდა ყბა, არც რენტგენი, არც არაფერი, ანტიბიოტიკი დამინიშნეს, რენტგენი გაფუჭებულიაო... არანაირი ყურადღება, არანაირი გამოკვლევა, არანაირი წამალი. ციხის დირექტორთანაც, ციხის ექიმთანაც დავასრულე საუბარი, ჯანმრთელობა ქიმიური იარაღით დამიზიანეს, მე ვარ პოლიტპატიმარი, მე თუ დაუყოვნებლივ არ გამათავისუფლებთ, დღესვე ვიწყებ მშრალ შიმშილობას, ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე, ეს ისედაც არ მაქვს. ციხეში მისვლისთანავე ჩემზე სისხლის სამართლის დანაშაული განხორციელდა, ჩემს გაშიშვლებას ითხოვდნენ, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს",- განაცხადა სანდერმა.
0
0