
დღეს სტამბოლში ჩვენი დელეგაციის ვიზიტი იწყება, სადაც მსოფლიო საპარლამენტთაშორისო კავშირის სესია იმართება. ამ პლატფორმას ვიყენებთ სხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ვიზიტის დროს დაგეგმილია ათზე მეტი შეხვედრა როგორც ევროპის, ასევე აზიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.
„პლატფორმას გამოვიყენებთ როგორც ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე ამ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და არაღიარების პოლიტიკის გასაგრძელებლად. ჩვენი გზავნილები ეხება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, წარმატებულ რეფორმებს. ამის თაობაზე ასამბლეაზე პარლამენტის თავმჯდომარეც ისაუბრებს. ვფიქრობ, ნაყოფიერი ვიზიტი იქნება საინტერესო დისკუსიებით. შეხვედრები გვექნება ასევე აღმოსავლეთ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც საუბრის მთავარი თემა იქნება ირანთან მიმდინარე კონფლიქტი. კერძოდ, რა უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე არიან არა მხოლოდ ეს ქვეყნები, არამედ მთელი რეგიონი. შეხვედრა გვექნება ევროპული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც საუბარი იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შეხვედრა იქნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას, როგორ მიმდინარეობს პროცესი კანდიდატ ქვეყნებში, შეხვედრები იქნება მეზობელი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესაც შევხვდებით. ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებლობა გვაქვს, შევხვდეთ ისეთ საპარლამენტო დელეგაციებს, რომელთაც გეოგრაფიული სიშორის გამო ვერ ვხვდებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
0
0