
სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
როგორც რუსული მედია წერს, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის“ და იმედი გამოთქვა, რომ „ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ხელს შეუწყობს ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების განვითარებას“.
მედიის ცნობით, პუტინთან შეხვედრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენები მიმდინარეობს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის. როგორც 8 აგვისტოს შემდეგ, ჩვენს სატელეფონო საუბარში განვიხილეთ, მიღწეული მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის სომხეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვითარდება. მისი თქმით, რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს 11 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა“, – განაცხადა პუტინმა. ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ეს კარგი მაჩვენებელია, რომელიც მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალში ზრდა გაგრძელდება.
0
0