
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ, 29 მაისს გაიმართება. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.
ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, დიდი ალბათობით, პროკურატურა მელიას მხრიდან 50 000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობის საფუძველზე, მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც ცნობილია, ნიკა მელია აღნიშნულ სასამართლო პროცესს არ დაესწრება. ის სავარაუდოდ, პარტიის ოფისში იქნება და იქ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილება.
ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
0
0