
ჩვენს გზას უნდა ვეწიოთ, ქართველ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ყველა, ვინც პოლიტიკურ სპექტრშია, ერთი და იგივე არაა - შესაძლებელია, ნიკა მელიასთან ერთად ვიყო ახალ პოლიტიკურ პარტიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გიორგი კირთაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ ვერ ვხედავთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეგვიძლია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფერზე წერტილი დაგვესვა. უბრალოდ, სხვა გზა არ დაგვრჩა. ვცადეთ ყველაფერი. იყო ბორდის იდეა, ნდობის საბჭოს იდეა, რომელსაც პირველ ნაწილში მიშა უჭერდა მხარს. არც კი განიხილეს, ბოლოს უბრალოდ გვითხრეს, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება. დღევანდელი მმართველობითი სისტემით გავალთ 2024 წლის არჩევნებზეო. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფრისთვის წერტილი დაგვესვა“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ჩართული ვერ არის და რეალური მენეჯმენტი სააკაშვილის სახელს იყენებს.
„მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯეროვნად ჩართულობის შესაძლებლობა არ აქვს. ვინ იყენებს სააკაშვილის სახელს თავისი ყველა ქმედების „გასაპრავებლად“, დასამტკიცებლად? - რა თქმა უნდა, მოქმედი მენეჯმენტი. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა გადაწყვეტილებაში, უმცირეს დეტალებშიც კი ჩართულია. ვგულისხმობ იმ ჯგუფს, ვინც პარტიის სახელით იღებს გადაწყვეტილებას. თუ მეკითხებით, არის თუ არა ამ ჯგუფის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი - ჩემი აზრით, ნამდვილად არა. ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება სასტარტო 10-ეულშიც ვერ შედიოდეს“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
კირთაძე ნიკა მელიასთან ერთად ახალ პოლიტიკურ პარტიაში ყოფნას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება.
„შესაძლებელია ნიკა მელიასთან ერთად ვიყო ახალ პოლიტიკურ პარტიაში. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ნიკასთან ერთად, არამედ ბევრ კარგ ადამიანთან ერთად ვისურვებდი ყოფნას, თუმცა ნიკაზე მიმაჩნია, რომ ის არის გამორჩეული, კარგი, წესიერი, გულწრფელი პოლიტიკოსი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში და ყველაზე რეიტინგულიც. მოვლენებს უნდა დაველოდოთ, ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება“,- განაცხადა კირთაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.
0
0