ნიდერლანდებში, ახალი წლის ღამით მოკლეს 52 წლის კაცი, რომელიც მისი ძაღლისკენ ფოიერვერკების მსროლელებს შეეკამათა, ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების პრესა ავრცელებს.
ახალი წლის ღამის 02:30 საათზე, ნიდერლანდების ქალაქ ლიკში მცხოვრები 52 წლის ბერტ სუურდი, რომელიც ცოლთან ერთად, სახლის მახლობლად ასეირნებდა ძაღლს, დაახლოებით 15-მდე ახალგაზრდასთან მივიდა და მათ მისი ძაღლისკენ ფოიერვერკების სროლის გამო შენიშვნა მისცა, ახალგაზრდებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბერტ სუურდი სახლში დამოუკიდებლად დაბრუნდა, მაგრამ მალე გონი დაკარგა. დასახმარებლად გამოძახებულმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის ჯერ კიდევ ზუსტად არაა ცნობილი, რა მოხდა შენიშვნის მიცემის შემდეგ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციდან ჩანს, რომ მას თავის არეში ემჩნეოდა, სავარაუდოდ, მუშტით და ფეხით მიყენებული დარტყმების კვალი.
პოლიცია აცხადებს, რომ ზუსტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახი გამოკითხეს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. გარდა ამისა, ამ მომენტისთვის ეჭვმიტანილის სახით დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდაა დაკავებული.
ლიკი გრონინგენიდან 19კმ-ში მდებარე 12 ათას მცხოვრებლიანი ქალაქია.
ბერტ სუურდი წლების მანძილზე იყო მოხალისე გრონინგენის ჰოკეისტთა კლუბში, სადაც ამჟამად მისი ორი ვაჟი ირიცხება.
31 დეკემბერს, დილით გამოქვეყნებულ სტატიაში NL Times-ი წერდა, რომ 2023 წელს ნიდერლანდელებმა ფოიერვერკებში 105 მილიონი ევრო დახარჯეს, რაც 5 მილიონი ევროთი მეტია წინა წელთან შედარებით.
„ნიდერლანდები კვლავ გიჟდება ფოიერვერკებზე" - აღნიშნავდა NL Times-თან ფეიერვერკების იმპორტიორთა და საბითუმო მოვაჭრეთა სავაჭრო ასოციაციის თავმჯდომარის, ლეო გრონეველდი.
წელს ნიდერლანდელებმა დაახლოებით 5-10 მილიონი ევროს ოდენობით ფოიერვერკები შეიძინეს ბელგიაში, 30 მილიონი ევროს ოდენობით - 10 მილიონი ევროთი მეტი წინა წელთან შედარებით - კი გერმანიაში. ჩვენ საზღვართან მდებარე გერმანიის ქალაქებში ფოიერვერკებით მოვაჭრე მაღაზიები სრულიად დაცარიელებულია, - ამბობდა გრონეველდი და დასძენდა:
შაბათი იყო ბოლო დღე, როცა შეიძლებოდა ფოიერვერკის გაყიდვა. ვინაიდან 31 დეკემბერი კვირაა, ფოიერვერკი არ გაიყიდება. გუშინ ბევრი მაღაზია ღია იყო გვიან საღამომდე, ზოგი კი შუაღამემდე.
ფოიერვერკების დანთება შესაძლებელია მხოლოდ ახალი წლის ღამეს 18:00 საათიდან 2:00 საათამდე, - წერდა NL Times, დილის 10:55 საათზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
0
0