
მიმდინარე წლის 9 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წლის აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
კუნძულ ტექსელზე, ქართველთა სასაფლაოზე მონუმენტის აღმართვის იდეის ავტორი, ფინანსური მხარდამჭერი და ღონისძიების ორგანიზატორი ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მეწარმე და კულტურის ქომაგი, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი, თინათინ სვანიძე-ვენკოა, რომელსაც იდეის განხორციელებაში, მხარი დაუჭირა ტექსელის მერიამ, ნიდერლანდების თავდაცვისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა.
აღსანიშნავია, რომ თინათინ სვანიძე-ვენკოს ინიციატივამ, საზოგადოების ყურადღება, ჯერ კიდევ, 2023 წლის ნოემბერში მიიპყრო; იმ პერიოდში, ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დაიდგა მემორიალური დაფა, რომელზეც ამოტვიფრულია ტექსელის აჯანყებისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელები და გვარები. მემორიალის არქიტექტურა და დიზაინი შეიმუშავა მოქანდაკე დევი ხმალაძემ.
აღნიშნული ინიციატივის შედეგად, შესაძლებელი გახდა ათეულობით ქართველი მეომრის იდენტიფიცირება – მებრძოლებისა, რომელთა შესახებაც, მათ შთამომავლობასა და ახლობლებს, მწირი ინფორმაცია ჰქონდათ და დაკარგულებად მიიჩნევდნენ. გუშინ გამართული ღონისძიება, ამ პროცესის გაგრძელება და ორი წლის წინ დაწყებული საქმის სიმბოლური დაგვირგვინებაა. ქართველ მეომართა საძმო სასაფლაოზე, 9 აპრილს საზეიმოდ გახსნილი კიდევ ერთი მონუმენტის, რომელსაც „სამოთხის კარი“ ეწოდება, არქიტექტორი და დიზაინის ავტორიც მოქანდაკე დევი ხმალაძე გახლავთ. მემორიალზე, რომელიც ქართული სიმბოლიკითაა დამშვენებული, ამოტვიფრულია სიტყვები საქართველოს ჰიმნიდან: „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება”. სწორედ ამ დღის შემდეგ, ადამიანთა ცნობიერებაში, ტექსელის მებრძოლთა გმირობა, საბოლოოდ დაუკავშირდება საქართველოს სახელს;
როგორც თინათინ სვანიძე-ვენკო განმარტავს, ღონისძიების თარიღის შერჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა; კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, წელს, 80 წელი სრულდება; გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება ნიდერლანდების სამეფოში, ქართული კულტურის ცენტრისა და ამსტერდამის ჯვართამაღლების ეკლესიის დაფუძნების 10 წლის იუბილეს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები,ზვიად შალამბერიძე და გრეტა წიწავა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი, ტექსელის აჯანყებაში დაღუპულ მეომართა შთამომავლები,საერთაშორისო დელეგაციების, ორგანიზაციების, ფონდებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების, კუნძულ ტექსელის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები.
ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა (ბოგვერაძემ).
0
0