
არ შეიძლება, არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ რაღაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას, სად ვართ? სად არის ქვეყანა? სად არის რაღაც კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ, ადგილობრივი არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს ამ არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელი ამოცანა არის ქვეყნის მომავლის გადარჩენა და ეს არის მისი გზავნილი.
„არ შეიძლება, დღეს ყველას არ გვესმოდეს, რომ ხელისუფლებამ საქართველო წაიყვანა რუსულ მოდელზე, რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფად. ის ბრალდებები, რაც არის წამოყენებული სრულიად აბსურდამდეა მისული. ერთადერთი ის არის, რომ საქართველოში ეს ყველაფერი კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში. შუაგულ ზაფხულში ვხედავთ ამ შეტევას არასამთავრობოებზე. მეორე მხრივ, უკვე ცხრათვიანი პატიმრობის შემდგომ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე. აქაც მძიმე, სრულიად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებებით და თურმე, ამას უნდა შევეგუოთ. მგონი, დღეს მოდის საზოგადოებისთვის დრო, რომ მივხვდეთ – შეგუება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არ მგონია, საქართველო მზად იყოს, რომ ჩაბარდეს. ეს რომ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი. ხან პოლიტიკური ლიდერები დაიჭირეს, ხან აქტივისტები, ახლა – „ენჯეოები“. ჩვენ არ გვყავს ზურგში ძლიერი პარტნიორები. რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდნენ რაღაც ომის პარტიაზე, არ არსებობს ეს ომის პარტია, არსებობს საქართველო, რომელიც ებრძვის რუსეთს. საქართველომ უკვე თავი უნდა დაიცვას და გადაარჩინოს დამოუკიდებლობა. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა, ყველასი ერთად. აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე. არ შეიძლება, რომ არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ რაღაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას. სად ვართ? სად არის ქვეყანა? სად არის რაღაც კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ, ადგილობრივი არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს ამ არჩევნებში. ჩვენი ამოცანა დღეს არის ნამდვილად ქვეყნის მომავლის ამოცანა, ქვეყნის მომავლის გადარჩენა, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა. ეს არის ჩემი გზავნილი ამ ზაფხულის დასასრულს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0