06/12/2022
12:37
პოლიტიკა
ნიდერლანდები არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს და გადამწყვეტი სიტყვა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის შეჯამებისას აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ განწყობა პოზიტიურია. შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საქართველოს ნიდერლანდების მხარდაჭერა ექნება.
„განსაკუთრებით ინტენსიური ვიზიტი გვქონდა ნიდერლანდებში. ჩვენ შევხვდით როგორც ნიდერლანდების პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებს, ისე საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების წევრებს. ასევე, შეხვედრა გვქონდა „ევროჯასტის“ პრეზიდენტთან, შეხვედრა გვქონდა კლინგენდაილის ინსტიტუტშიც, სადაც დისკუსია გვქონდა საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ნიდერლანდები გახლავთ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები და ასევე გადამწყვეტი სიტყვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას. აქედან გამომდინარე, პარლამენტებს შორის მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვანია.
გარდა პოლიტიკური საპარლამენტო დიპლომატიისა, ნიდერლანდების პარლამენტთან გვაკავშირებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირის „ტვინინგის“ პროექტს. ამ მხრივაც განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს. საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განწყობა არის პოზიტიური საქართველოს მიმართ, მის ევროპელ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ნიდერლანდების მხრიდან ჩვენ გვექნება მხარდაჭერა, როდესაც საკითხი დადგება კანდიდატობის სტატუსის მონიჭებაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საკითხში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ამ ვიზიტმაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი დაასრულა და ლუქსემბურგში გადაინაცვლებენ.
0
0
ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
20/10/2024