
ნეპალში Gen Z თაობის წარმომადგენლების მიერ მოწყობილი რევოლუციის შემდეგ გამართულ პირველ არჩევნებში რეპერ ბალენდრა შაჰის პოლიტიკურმა პარტიამ გაიმარჯვა.
არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, „ეროვნულმა დამოუკიდებელმა პარტიამ“ ხმების უმრავლესობა მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, მანდატების ორ მესამედს მოიპოვებს.
The Guardian-ის ცნობით, ეს შედეგი ნიშნავს, რომ კატმანდუს ყოფილი მერი და რეპერი ბალენდრა შაჰი ნეპალის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდება.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ახალგაზრდა ნეპალელები ქუჩებში ზეიმობდნენ და სიმბოლურად რეკავდნენ ზარებს.
მედიის ცნობით, 35 წლის ბალენდრა შაჰი და მისი პარტია არჩევნებში ფავორიტებად განიხილებოდნენ. შაჰმა ჩაატარა დინამიკური საარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ნეპალში კორუფციის აღმოფხვრას დაჰპირდა. რეპერმა ბალენდრა შაჰმა ნეპალში პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით, რომლებშიც ყურადღებას ამახვილებდა ქვეყანაში არსებულ გაჭირვებაზე, უმუშევრობასა და კორუფციაზე. 2022 წელს ის გახდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მერი.
ცნობისთვის, ნეპალში 2025 წლის სექტემბერში ახალგაზრდების საპროტესტო აქციები რევოლუციაში გადაიზარდა. დემონსტრაციების მიზეზი გახდა სოციალური მედიის აკრძალვა, რის გამოც Gen Z თაობის ათასობით წარმომადგენელი ქუჩებში გამოვიდა. საპასუხოდ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა. აქციების დარბევის დროს დაიღუპა 19 აქტივისტი. შედეგად ნეპალის მთავრობა გადადგა. აქციის მონაწილეებმა ბალენდრა შაჰს შესთავაზეს გარდამავალ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება, თუმცა მან უარი განაცხადა და თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების გზით ურჩევნია.
0
0