
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივის შესაბამისად წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია, სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ნეიტრალურ საქართველოში“ აცხადებენ, უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უკიდურესად არარელევანტური სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელებაა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პარლამენტში გამართულ ინტერპელაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის საგანგაშო განცხადებას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელშიც მან ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს არარელევანტური უწოდა და საკითხზე ნეგატიურად ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის და დეოკუპაციის კონტექსტში. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივის შესაბამისად წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ მინისტრის განცხადება, ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უკიდურესად არარელევანტური სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელებაა. NATO-ში გაწევრიანების უსაფრთხოების ქოლგად, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიად წარმოჩენა თავშივე მცდარი იყო და ამ გზაზე სვლამ ჩვენს ქვეყანას 35 წლის განმავლობაში არაერთი მძიმე დარტყმა მიაყენა. წლების წინ თუ ამ შედეგების განჭვრეტა რთული იყო, დღეს ეს უკვე მოცემულობაა, ფაქტიურად აღარ არსებობს ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის ძველი ფორმატი და ამის ვერდანახვა სახელმწიფოს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, ამიტომ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა: „როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთისგან არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტზეც“.
0
0